ძარების მწარმოებელი დიზაინ ატელიე „ძაგატო“ ვილა დ’ესტეს ელეგანტურობის კონკურსის უცვლელი მონაწილეა. ატელიემ შარშან „მაზერატის“ 100 წლის იუბილეს დაუკავშირა კონცეპტი „მაზერატი A6G/54 2000 ძაგატო“, უფრო ადრე კი ავტომობილები „ასტონ მარტინის“, „ბეემვეს“ და „ლამბორგინის“ მიუძღვნა. ამჯერად „ძაგატომ“ კონცეპტი ისევ „მაზერატის“ ბაზაზე შექმნა. უფრო სწორედ, მოდენური კომპანიის ძრავი გამოიყენა.

ახალი კონცეპტუალური ავტომობილის სახელია „მოსტრო“. ის სარბოლო ავტომობილ „მაზერატი 450 S კუპე ძაგატოს“ შთაგონებით შეიქმნა. ამ ავტომობილს მეტსახელად „მონსტერს“ ეძახდნენ და ახალი კონცეპტის სახელი „მოსტრო“ სწორედ აქედან მოდის. სხვათა შორის, ეს ავტომობილი შარშანდელი კონკურსის გამარჯვებული გახდა.
მონსტერი“ 1957 წელს შეიქმნა. მის აეროდინამიკაზე, ამ საქმის გამორჩეულმა სპეცმა, ფრენკ კოსტინმა იმუშავა, ძარა კი „ძაგატოს“ მილანურ ფაბრიკაში დამზადდა. სარბოლო ავტომობილი სპეცალურად სერ სტირლინგ მოსისთვის შეიმუშავეს, რომელმაც მისით ლე მანის 24-საათიან რბოლაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ 32 წრის გავლა შეძლო.

Zagato-Honors-Maserati-1

„ძაგატომ“ ვილა დ’ესტეშივე გამოაცხადა, რომ „მოსტროს“ ძალიან შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ ხუთ ცალს დაამზადებს. ოღონდ, ყველა მათგანზე შეკვეთები უკვე მიღებული აქვს. ეს ავტომობილი სატრეკოა, თუმცა საერთო სარგებლობის გზებზე სარგებლობისთვისაც ვარგისია. ძველ და ახალ „მონსტრებს“ შორის მსგავსებაა დახურული სალონი, მოკლე კუდი და გრძელი და ფართო წინა ნაწილი.

„ძაგატო მოსტრო“ ჰიბრიდულ სტრუქტურაზეა აგებული, რომლის საფუძველსაც ფოლადის მილებისგან შეკრული სივრცული ჩარჩო წარმოადგენს, ის კი კარბონის კომპოზიტითაა გაძლიერებული. კარბონითვეა დამზადებული ძარა. V8 მშრალძირიანი ძრავი (მისი მახასიათებლები არ გამოქვეყნებულა) ბაზაში, ოღონდ კაბინის წინაა განლაგებული და 6-საფეხურიანი, ნახევრად ავტომატური გადაცემათა კოლოფის გავლით, მაბრუნ ძალას უკანა ბორბლებს გადასცემს.

„მოსტრო“ სარბოლო ტიპის დაკიდების სისტემას ეყრდნობა, რომელიც მზიდ სტრუქტურას ბორბლებთან ორმაგი ჩანგლისებრი ბერკეტებით აკავშირებს. ზამბარისა და ამორტიზატორის წყვილს კი ბორბალი მიმწოლი ბერკეტით უკავშირდება. ავტომობილი „ძაგატოს“ წარმოების 19-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომელთაგან წინები 255/40, უკანები კი 295/35 ზომის საბურავებითაა შემოსილი. ავტომობილის უკან ზორბა ანტი ფრთა განლაგდა, რომელიც „ძაგატოს“ განცხადებით, მაღალ სიჩქარეზე, „ადეკვატურ ჩაჭიდებას“ წარმოქმნის.