სუპერ ავტომობილების მწარმოებელ ბრიტანულ კომპანია „ასტონ მარტინს“ და ძარების მწარმოებელ იტალიურ ატელიე „ძაგატოს“ დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებთ. მათ პირველი ერთობლივი პროდუქტი – DB4 GT, ჯერ კიდევ 1960 წელს შექმნეს და მას შემდეგ, არაერთი შესანიშნავი ერთობლივი პროდუქტით გაახარეს თავიანთი თაყვანსმცემლები. ახლახანს კი მათ მორიგი შედევრი შექმნეს, რომელიც უცნობი ევროპელი კოლექციონერის შეკვეთით დაამზადეს.

ავტომობილის სრული სახელია „ასტონ მარტინ ვირაჟ შუტინგ ბრეიკ“. ეს არის „ასტონ მარტინის“ საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით ჩაფიქრებული ტრილოგიის მესამე ავტომობილი. წინა ორი ავტომობილიც – „ასტონ მარტინ DBS კუპე ძაგატო ცენტენიალი“ და „ასტონ მარტინ DB9 სპაიდერ ძაგატო ცენტენიალი“, ასევე კოლექციონერების (ამერიკელი და იაპონელი) შეკვეთით, მხოლოდ თითო ცალი, შარშან დამზადდა.

სახელიდანაც ჩანს, რომ „შუტინგ ბრეიკი“ მოდელ „ვირაჟის“ ბაზაზეა დამზადებული, რომელიც თავის მხრივ, DB9-ს დერივატივია. მისი წარმოება ორი წლის წინთ შეწყდა. იტალიურ ატელიეს, მის მიერ შექმნილი ავტომობილის შესახებ ტექნიკური ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა დიდი ალბათობით, ის სწორედ „ვირაჟის“6.0-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 490 ცხენის ძალაა.