ფოლკსვაგენმა თავისი ახალი სტრატეგიული გეგმა გამოაქვეყნა, რომელიც დიზელგეიტის გამო გამოწვეული უზარმაზარი მოსალოდნელი ხარჯების გათვალისწინებით არის შედგენილი. ამ გეგმის მიხედვით, ეგრეთ წოდებული დიზელის სტრატეგია იცვლება და აქცენტი ელექტრომობილებზე გადავა. ამავე გეგმის შესაბამისად, დაიწყება მოდულური ელექტრული პლატფორმის შემუშავება, რომლის ბაზაზეც, „ფოლკსვაგენი“ სრულიად ელექტრულ „ფაეტონს“ (ფოტოზე შიდაწვისძრავიანი ფაეტონი) გამოუშვებს.

ახალი გეგმის შესაბამისად, ვოლფსბურგელები ევროპასა და ამერიკაში ავტომობილებს მხოლოდ იმ დიზელის ძრავებით აღჭურვავენ, რომლებზეც SCR კატალიზატორებს და „Adბლიუ“ ტექნოლოგიებს იყენებენ. „ფოლკსვაგენი“ პირობას დებს, რომ თავის მოდელებს საუკეთესო მწვანე ტექნოლოგიებით აღჭურვავს. რაც მთავარია, ვოლფსბურგელები ყოველწლიურ ინვესტიციებს მილიარდი ევროთი შეკვეცენ. ეს გარკვეული პროექტების გაუქმების, ან გადადების ხარჯზე მოხდება. „ფოლკსვაგენი“ ამ პროექტებს ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.

ახალი გეგმის შესაბამისად, გერმანული ავტო გიგანტი ახალ პლაგ-ინ ჰიბრიდულ სისტემებსაც შეიმუშავებს, რომლებით აღჭურვილ ავტომობილებსაც მნიშვნელოვნად გაზრდილი სვლის სიშორე (300 კილომეტრი და მეტი) ექნება. გარდა ამისა, ისინი მხოლოდ ელექტრო ენერგიით მეტი მანძილის გავლასაც შეძლებენ. ასევე იგეგმება მსუბუქ ჰიბრიდული სისტემების განვითარებაც, რომლებიც 48-ვოლტიანი დასამუხტი სისტემებით აღიჭურვება.

ელექტრიფიკაციის მაღალი ხარისხის მისაღწევად, კომპანია ახალი გეგმის შესაბამისად ჩაუტარებს მოდიფიკაციას ძირითად, MQB მოდულურ პლატფორმას. რაც შეეხება ახალ, ელექტრულ პლატფორმას (MEB), ეს სრულიად ახალი პროდუქტი იქნება. ამ პლატფორმას ჯგუფის ბრენდები, სამგზავრო და მსუბუქი კომერციული ავტომობილებისთვის გამოიყენებენ. რაც მთავარია, ამ პლატფორმაზე აგებული ავტომობილები მხოლოდ ელექტრული ამძრავებით აღიჭურვება. მოდულური სტრუქტურის წყალობით, MEB პლატფორმაზე ყველა ტიპის ძარის მქონე ავტომობილის აგება იქნება შესაძლებელი. ასეთი ავტომობილების სვლის სიშორე, 250-500 კილომეტრის ფარგლებში იქნება. რაც შეეხება ელექტრულ „ფაეტონს“, ისიც MEB პლატფორმაზე აიგება და ის გახდება ბრენდის სახე და ახალი ეპოქის დასაწყისი.

დიზელგეიტი „ფოლკსვაგენს“ ძალიან ძვირი დაუჯდება. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კომპანიას უფასო რემონტზე 11 მილიონი ავტომობილის გაწვევა მოუწევს. ეს ის ავტომობილებია, რომლებიც დიზელის TDI ძრავებით არის აღჭურვილი. მარტო შეერთებულ შტატებში, ვოლფსბურგელებს 18 მილიარდი დოლარის ჯარიმების სახით გადახდა მოუწევთ.