Volkswagen-მა გამოაქვეყნა ფოტო თიზერები თავისი ახალი კონცეპტუალური ავტომობილისა, რომლის პრემიერაც პარიზის მოტორ შოუზე გაიმართება. კომპანიის განცხადებით, ეს არის ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილი (გერმანული კომპანია ჯერჯერობით მის სახელს არ აქვეყნებს), რომელიც სერიული მოდელის წინამორბედია.

კონცეპტუალური ავტომობილი არის Volkswagen-ის ახალი გეგმის ნაწილი, რომელიც 2025 წლამდე 30 ელექტრომობილის გამოშვებას ითვალისწინებს. ეს გეგმა ვოლფსბურგელებმა დიზელის სკანდალის აგორებიდან ძალიან მოკლე დროში შეიმუშავეს და ის ელექტრომობილების მასობრივ წარმოებაზე გადასვლას ითვალისწინებს.

„ეს ავტომობილი ისეთივე რევოლუციურია, როგორიც შვიდი ათეული წლის წინათ Beetle იყო, რომელიც გასული საუკუნის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი გახდა. ახალ ავტომობილსაც აქვს იმის პოტენციალი, რომ ისტორიის ახალი ფურცელი შექმნას, რადგან ის სრულიად ახალი კონცეპციის შესაბამისად არის აგებული. სერიული მოდელი, რომელიც მას მოჰყვება, არის პირველი ავტომობილი, რომელიც ახალ მოდულურ ელექტრულ კომპლექტზე (MEB) აიგება“, – ნათქვამია კომპანიის რელიზში.

არაოფიციალური ინფორმაციით, ჯერაც უსახელო კონცეპტის სერიული ვერსია ბაზარზე დაახლოებით 2020 წელს გამოვა. მის დებიუტამდე მოსალოდნელია ელექტრომობილ Budd-e-ს გამოსვლა, რომელსაც ექნება ჰეჩბეკის ძარა და გაბარიტებით Golf-ზე პატარა უნდა იყოს. თუმცა, სალონში არსებული სივრცით, Passat-ს გაუტოლდება. რაც მთავარია, მისი სვლის სიშორე 400-600 კილომეტრის ფარგლებში იქნება.