Beetle არამხოლოდ Volkswagen-ის, არამედ მთლიანად საავტომობილო ინდუსტრიის სიამაყეა. ამ პატარა მანქანას, რომელიც თვით ადოლფ ჰიტლერის დავალებით, ლეგენდარულმა ფერდინანდ პორშემ შეიმუშავა, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. ამ ავტომობილის ბაზაზე, მისმა ავტორმა დასაბამი დაუდო კიდევ ერთ კომპანია Porsche-ს და მის ლეგენდარულ 911-ს, რომლითაც სრულიად საფუძვლიანად ამაყობს გერმანია. Beetle-ს ბაზაზე არაერთი ტიპის ავტომობილი შეუქმნიათ, ამფიბიაც კი. მაგრამ Beetle და ფორმულა 1? ასეთი რამ ალბათ აქამდე არავის წარმოედგინა.

მაგრამ საავტომობილო დიზაინერების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. სააგენტო Yasid Design-მა შეიმუშავა ვირტუალური პროექტი, რომლითაც ფორმულა 1-ის ბოლიდი და VW Beetle შეაჯვარა. და შესანიშნავი შედეგი მიიღო – ავტომობილი, რომელსაც აქვს ფ1-ის სარბოლო ავტომობილის აგებულება და „ხოჭოს“ ტანი. ოდნავ სახეშეცვლილი, მაგრამ ისეთი, რომლითაც ამ ავტომობილს აუცილებლად ამოიცნობთ.

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ფ1-ის ტექნოლოგიას სერიულ ავტომობილთან აჯვარებენ. Yasid Design-ის პროექტი ვირტუალურია, მაგრამ Renault-ს (მინივენ Espace-ზე), Ford-ს (მინივენ Transit-ზე) და Alfa Romeo-ს (სედან 164-ზე) ჰქონიათ რეალური ერთჯერადი პროექტები, რომლებშიც საკუთარი სერიული ავტომობილის ძარის ქვეშ, ფ1-ის ტექნოლოგია მოაქციეს. ერთხელ 1930-იანი წლები Ford Model A Hot Rod-თანაც შეაჯვარეს ფ1-ის ტექნიკა.

ალბათ საინტერესო იქნება Yasid Design-ის პროექტის რეალური განხორციელება…