პრემიუმ ავტომობილების მწარმოებელმა შვედურმა კომპანია Volvo-მ შანჰაის ავტო შოუზე გამოაცხადა, რომ თავის პირველ ელექტრომობილს ჩინეთში გამოუშვებს. ახალი ავტომობილი კომპანიის კომპაქტურ მოდულურ არქიტექტურაზე (CMA) აიგება და ბაზარზე 2019 წელს გამოვა.

„ვოლვომ“ ასევე გამოაცხადა, რომ ელექტრომობილს პირველ რიგში ჩინეთის ბაზარზე გაჰყიდის, შემდეგ კი გლობალური მასშტაბით გაიტანს. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ კომპანია თავისი ელექტრიფიკაციის პროგრამის განხორციელებაში, ჩინეთის ბაზარზე აქტივობას უპირატეს მნიშვნელობას ანიჭებს.

Volvo-ს მთავარი აღმასრულებელი ჰაკან სამუელსონი ამბობს, რომ მისი კომპანია სრულად ემხრობა ჩინეთის მთავრობის ქმედებებს, რომლებიც ჰაერის გასუფთავებისკენ არის მიმართული. და ეს იმასაც ავლენს, რომ შვედური კომპანიის მთავარი ღირებულება გარემოზე ზრუნვა, ხარისხი და უსაფრთხოებაა.

ჩინეთი მსოფლიო ლიდერია ელექტრომობილების გაყიდვების მოცულობით. მაგრამ ცისქვეშეთი ამას არ სჯერდება და ელექტრომობილების და ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვების ტემპის კიდევ უფრო გაზრდა სურს, რისთვისაც ამ ტიპის ავტომობილებზე სხვადასხვა შეღავათებს ინარჩუნებს. ეს ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა დიდ ქალაქებში ჰაერის გასასუფთავებლად.

პარალელურად, ელექტრომობილების სეგმენტში დიდი გეგმები აქვს „ვოლვოს“, რომელიც 2025 წლისთვის მილიონი ელექტრომობილის და ჰიბრიდული ავტომობილის გაყიდვას გეგმავს.

კომპაქტური არქიტექტურის გარდა, შვედური კომპანია ასევე მუშაობს უფრო დიდი ზომის შასიზე, რომელზეც სხვადასხვა კლასის ელექტრომობილების გამოშვებას შეძლებს.