დიზელგეიტის სკანდალს შემდეგ, Volkswagen-ი ყველანაირად ცდილობს შელახული იმიჯის აღდგენას და ამის ერთ-ერთი დასტური, პარიზის მოტორ შოუზე მის მიერ წარმოდგენილი კონცეპტუალური ელექტრომობილი I.D. გახდა, რომელიც იმავდროულად, სრულად ავტონომიური ავტომობილიცაა.

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ კონცეპტი I.D. არის პირველი ავტომობილი, რომელიც მოდულურ ელექტრო ამძრავიან MEB არქიტექტურაზე არის აგებული. ამავე პლატფორმას ვოლფსბურგელები სხვა ელექტრომობილებისთვისაც გამოიყენებენ, რომელთა წარმოების დაწყებაც, უახლოეს მომავალში იგეგმება. ამასთან, კონცეპტი გვიჩვენებს იმ სტილს, რომელშიც გერმანული კომპანიის ელექტრული მოდელები შესრულდება.

vw-concept-live-photos_51

I.D.-ს გადაადგილებას უზრუნველყოფს ერთი ელექტროძრავი, რომლის სიმძლავრეც 168 ცხენის ძალაა. VW-ს ელემენტების ბლოკის ტევადობის შესახებ მონაცემები არ გამოუქვეყნებია. სამაგიეროდ გვამცნობს, რომ კონცეპტუალურ ელექტრომობილს ადგილიდან ასის ასაკრეფად 8.0 წამზე ნაკლები ჰყოფნის. მაქსიმალური სიჩქარე კი 160 კმ/სთ-ს აღწევს. კომპანია ირწმუნება, რომ ევროპული სატესტო რეჟიმით ტესტირებისას, I.D.-ს ერთი სრული დამუხტვით 400-600 კილომეტრის გავლა შეუძლია.

გარდა ამისა, კონცეპტის სერიული ვერსიისთვის, სხვადასხვა სიმძლავრის ძრავები და სხვადასხვა ტევადობის ელემენტების ბლოკები იქნება გათვალისწინებული. ელემენტების ბლოკი ავტომობილის ძირზეა მოთავსებული, რამაც სიმძიმის ცენტრის მაქსიმალურად დაწევა გახადა შესაძლებელი. ამასთან, წინა და უკანა ღერძებს შორის, წონა 48:52 პროპორციით განაწილდა. ელემენტების ბლოკი კაბელით, ან ინდუქციური სისტემით იმუხტება. 30 წუთში კი ელემენტების დაახლოებით 80 პროცენტით შევსებაა შესაძლებელი.

vw-concept-live-photos_74

კონცეპტი I.D. არის კომპანიის პირველი ავტომობილი, რომელსაც ავტონომიური გადაადგილების უნარი შესწევს. ავტონომიური რეჟიმის გასააქტიურებლად საკმარისია, საჭის რგოლის ცენტრში არსებულ Volkswagen-ის ლოგოს, ხელი სამი წამით დააჭიროთ. ამის შემდეგ, საჭე წინა პანელში „ჩაიძირება“ და ავტომობილის მართვას საკუთარ თავზე ელექტრონიკა აიღებს.

ამ რჟიმში ავტომობილის უსაფრთხო გადაადგილებას, სახურავში ჩამონტაჟებული ოთხი ლაზერული სკანერი უზრუნველყოფს. გარდა ამისა, საქმეში გვერდითი და წინა კამერები, ულტრაბგერითი სენსორები და რადარული სენსორები ერთვება. მათ მიერ შეგროვილ ინფორმაციას, ელექტრონული სისტემა შესაბამისი ბრძანებების გასაცემად იყენებს. ავტონომიური მოძრაობის გარდა, ავტომობილს თავად შეუძლია სადგომზე პარკირების ადგილის მონახვა და იქ დადგომა. თუ ავტონომიური რეჟიმის შეწყვეტა გსურთ, საკმარისია მუხრუჭების ან აქსელერატორის სატერფულზე ფეხის დაჭერა.

როგორც Volkswagen-ი ამბობს, მისი ავტონომიური ავტომობილები გზებზე 2025 წლიდან გამოჩნდება.