Volkswagen-ის ახალი ელექტრიფიკაციის გეგმა ითვალისწინებს, რომ 2025 წლამდე 30 ელექტრომობილი გამოუშვას. არაა გამორიცხული, რომ მათ შორის, Beetle-ის ელექტრული ვერსიაც მოიაზრება. დეტროიტის მოტორ შოუზე, გერმანული კომპანიის წარმომადგენელმა კლაუს ბიშოფმა განაცხადა, რომ ასეთი ავტომობილის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. თუმცა ეს საკითხი განიხილება.

შესაბამისად, ამ ეტაპზე მხოლოდ ვარაუდი შეიძლება იმაზე, თუ რომელ პლატფორმაზე აიგება ელექტრული „ხოჭო“. ერთი ვერსიით, ეს შეიძლება იყოს მოდულური პლატფორმა MQB, რომელიც გადასაკეთებელი გახდება იმისათვის (როგორც ელექტრული e-Golf-ის შემთხვევაში), რომ მასზე ელემენტების ბლოკი განლაგდეს. მეორე, უფრო რეალური ვერსიით, ავტომობილი უახლეს, MEB არქიტექტურაზე აიგება, რომელსაც ვოლფსბურგელები სპეციალურად, „მწვანე“ მოდელებისთვის ქმნიან.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება „სახალხო“ ავტომობილების მწარმოებლის ბოლო მცდელობა, კოკკურენტულ დონეზე შეინარჩუნოს „ხოჭო“, რომლის მყიდველთა რაოდენობა სულ უფრო მცირდება. მასზე ვოლფსბურგელთა ზრუნვა გასაგებია – ამ ავტომობილს ხომ მათს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია.

ცნობისათვის, გერმანულმა კომპანიამ ელექტრულ Beetle-ზე პირველი მინიშნება დეტროიტის 2012 წლის მოტორ შოუზე შემოგვთავაზა, სადაც კონცეპტუალური E-Bugster (ფოტოებზე) გამოფინა. ის ავტომობილი ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკით იყო აღჭურვილი, რომელიც საბარგულის და უკანა სავარძლების ქვეშ განლაგდა. ის აღჭურვილი იყო ელექტრო ძრავით, რომლის სიმძლავრე 114 ცხენის ძალაა. ერთი სრული დამუხტვა მას მხოლოდ 160 კილომეტრის გასავლელად ჰყოფნიდა.