დღეს საავტომობილო სამყაროს მთავარი თემა დიზელგეითია, რომელიც „ფოლკსვაგენს“, რომ იტყვიან, მეხივით დაატყდა თავს და მის არსებობასაც კი უქმნის საფრთხეს. თავად ვოლფსბურგელები აღიარებენ, რომ ეს სკანდალი მათ მილიარდები დაუჯდებათ, რადგან იმ სისტემით, რომელმაც მათი ნოკდაუნი გამოიწვია, მილიონობით ავტომობილია ჩათრეული.

ისეთი ავტორიტეტული საფინანსო ჯგუფი, როგორიცაა „კრედიტ სუისი“, გერმანულ გიგანტს ნამდვილ ფინანსურ კატასტროფას უწინასწარმეტყველებს. შვეიცარიული ჯგუფის ანალიტიკოსთა ვარაუდით, „ფოლკსვაგენს“ ამ სკანდალიდან თავის დაღწევა, 26-დან 87 მილიარდ დოლარამდე დაუჯდება!

ცნობისათვის, აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტომ (EPA) დაადგინა, რომ „ფოლკსვაგენის“ 2.0-ლიტრიანი დიზელის ძრავების ელექტრონიკა ორ რეჟიმში მუშაობს. ამათგან ერთი ჩვეულებრივი რეჟიმია, მეორე კი სატესტო და ის მაშინ ირთვება, როცა ავტომობილის საწვავის ხარჯს და გამონაბოლქვს ამოწმებენ. მეორე რეჟიმში სისტემა ისე მუშაობს, რომ ნაკლებ ხარჯს და გამონაბოლქვს უჩვენებს, რისი წყალბითაც, ავტომობილი არსებულ სტანდარტებს შეესაბამება. ამ სკანდალს „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მარტინ ვინტერკორნის და სხვა ჩინოსნების გადაყენება მოჰყვა.

VW Golf TDI clean diesel

VW Golf TDI clean diesel

მაგრამ მთავარი ისაა, რომ „ფოლკსვაგენს“ კლიენტების მოტყუებისა და თაღლითობისთვის, უზარმაზარი ჯარიმები ელის. „ფოლკსვაგენის“ დაანგარიშებით, სკანდალის ჩაცხრობა მას დაახლოებით 7.3 მილიარდი დოლარი დაუჯდება. თუმცა სიენენის ვარაუდით, ეს მეტისმეტად ოპტიმისტური შეფასებაა. ამას „ფოლკსვაგენში“ არ ეთანხმებიან, თუმცა ამჟამად ბურთი მათს მოედანზე ნამდვილად არაა.

იმავე „კრედიტ სუისის“ ვარაუდი არაერთ ფაქტორს ემყარება. მათ შორისაა აღნიშნული სისტემით აღჭურვილი ავტომობილების (ასეთი რამდენიმე მილიონია) უფასო რემონტზე გაწვევა, EPA-ს ჯარიმები, დაზარალებული კლიენტებისთვის კომპენსაციები და სასამართლო გარჩევები, რომლებიც აუცილებლად იქნება. „სუის კრედიტი“ ვარაუდობს, რომ შესაძლოა, „ფოლკსვაგენმა“ დაზარალებულ კლიენტებს კომპენსაციების ნაცვლად, ახალ ავტომობილებზე ფასდაკლებები შესთავაზოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ავტოგიგანტის შემოსავლებს ძლიერ აზარალებს.

ასეა თუ ისე, ნებისმიერ შემთხვევაში, „ფოლკსვაგენს“ თაღლითობა ძალიან ძვირი დაუჯდება, რაც მისი ფინანსური შესაძლებლობების შესუსტების გარდა, განვითარების შეფერხებასაც გამოიწვევს. ეს კი აისახება როგორც ახალი ტექნოლოგიების ათვისებასა და ახალი მოდელების შემუშავების შეჩერებაზე, ასევე სხვა აქტივობებზეც. საერთო ჯამში, ეს ჯგუფის საქმიანობაზე მეტისმეტად უარყოფითად აისახება.

ამ ეტაპზე, „ფოლკსვაგენს“ თავისუფალი სახსრების სახით, 20 მილიარდ დოლარზე მეტი გააჩნია. ეს კი ნიშნავს, რომ „სუის კრედიტის“ სცენარებიდან ყველაზე იოლის განვითარების შემთხვევაშიც კი, გერმანულ საავტომობილო ჯგუფს, კრიზისიდან თავის დაღწევა ძალიან გაუჭირდება.

არადა, „ფოლკსვაგენის“ მიზანი, მსოფლიო საავტომობილო ბაზრის ლიდერის პოზიციის მოპოვება იყო…