Volkswagen-ი თავის უახლეს სპორტულ სედან Arteon-ის მძლავრ ვერსიაზე მუშაობს, რომლის სახელიც იქნება Arteon R და რომელსაც 400-ცხენისძალიანი ძრავი მოემსახურება. ინფორმაცია Arteon R-ზე მუშაობის შესახებ, კომპანიის პრეს მდივანმა

მარტინ ჰუბემ დაადასტურა. თუმცა პროექტის დეტალებზე მას არ უსაუბრია.

არაოფიციალური ინფორმაციით, Arteon R აღიჭურვება წყვილ ტურბოიანი 3.0-ლიტრიანი VR6 ძრავით, რომლის სიმძლავრე 404 ცხენის ძალაა და სრულ ამძრავიანი ტრანსმისიით. ასეთი ტრანსმისიის გამოყენებას ჰუბე ადასტურებს. მისი თქმით, მძლავრი ძრავის წყალობით, ავტომობილს ჭარბი მოხვევისადმი მიდრეკილება ექნება.

უფრო მეტიც, ჰუბე ირწმუნება, რომ Arteon-ის ახალი ვერსია, ფორას თვით Porsche Panamera-ს საბაზო ვერსიასაც კი მისცემს, რომელიც 3.0-ლიტრიანი ტურბო ექვსიანით (სიმძლავრე 325 ცხენის ძალა) არის აღჭურვილი. თუმცა ამ უკანსკნლს აქვს ვერსია 4S, რომლის ძრავიც 434 ცხენის ძალას იძლევა და ვოლფსბურგელთა ახალ ჯილას, მისი ჯობნა გაუჭირდება.

ამჟამად Arteon-ის ყველაზე მძლავრი ვერსია აღჭურვილია ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავით, რომელიც 280 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მასთან წყვილში კი 7-საფეხურიანი ორქუროიანი რობოტიზებული კოლოფი მუშაობს. ამ ტანდემით, ავტომობილს ადგილიდან ასამდე აჩქარება 5.6 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ-ია.