მალე Aston Martin-ი მის ისტორიაში ყველაზე გამორჩეულ, აეროდინამიკურად დახვეწილსა და ფ1-ის ბოლიდების მსგავსი დინამიკური მახასიათებლების მქონე ჰიპერ ავტომობილ AM-RB 001-ის წარმოებას დაიწყებს, რაშიც მას პარტნიორობას ფორმულა 1-ის გუნდ Red Bull-ი უწევს. ეს ავტომობილი ჰიბრიდული ძალური დანადგარითაც გამორჩეული იქნება – ასეთი რამ ბრიტანულ კომპანიას ჯერ არ გამოუყენებია.

AM-RB 001-ს წარმოება ამ ათწლეულის ბოლოს დაიწყება. ამის შემდეგ, Aston Martin-ი შუაძრავიანი სუპერ ავტომობილის გამოშვებას გეგმავს. ჯერჯერობით არავინ იცის, როგორი გარეგნობა ექნება ამ ავტომობილს. შვედმა დიზაინერმა კოსტას ფუფულიდესმა შუაძრავიანი „ასტონის“ მისეული ხედვა, პროექტ Vision 8-ს სახით შემოგვთავაზა. ის ფიქრობს, რომ სწორედ ასეთი უნდა იყოს მოდელ V8 Vantage-ის მომავალი თაობის ავტომობილი.

ესკიზებზე თვალის შევლებისთანავე შეიძლება ვთქვათ, რომ V8 Vantage-ში არაა ასახული „ასტონისთვის“ დამახასიათებელი ბევრი საფირმო ელემენტი. თუმცა ეს არ ეხება რადიატორის ცხაურის მოყვანილობას, რომელსაც იქნებ მეტისმეტად მახვილი კუთხეები კი აქვს, მაგრამ მაინც ბრიტანული კომპანიის საფირმო სტილშია შესრულებული. და ეს მთავარი ელემენტია, რომელიც კონცეპტის კუთვნილებაზე მიგვანიშნებს. Vision 8-ს კაპოტი მოდელ DB11-ის მსგავს ელემენტს გაგახსენებთ.

სხვა ყველაფერი განსხვავებულია. სტილს აეროდინამიკა აყალიბებს, რომელმაც სუპერ ავტომობილის გზასთან კარგი ჩაჭიდება უნდა უზრუნველყოს. Vision 8-ს ყველაზე დამახასიათებელი გარეგნული თავისებურება არის ერთ ელემენტად წარმოდგენილი საქარე შუშა და გვერდთა შუშები. საინტერესო ელემენტია უკანა საბორბლე თაღებიდან „ამოსული“ ვერტიკალური ფრთები, რომლებიც უკანა საყრდენებს ფარავს. ავტომობილს არ აქვს უკანა შუშა. აქ ძარის გაუმჭვირვალე ელემენტია, რომელსაც ბევრი ნახვრეტი აქვს, რათა ძრავის სეგმენტს ჭარბი სითბო მოშორდეს.

მოკლედ, საინტერესო პროექტია ნიჭიერი დიზაინრისგან, რომელსაც „ფორდის“, „ბენტლის“, „ჯილის“ და სხვა კომპანიების პროექტებში აქვს მონაწილეობა მიღებული…