Bugatti-ის დირექტორი ვოლფგანგ დიურჰაიმერი ამბობს, რომ მისი კომპანია არ აპირებს უგზოობის ავტომობილების და ოთხკარიანი სედანების წარმოებას. გამოცემა „ქარ ენდ დრაივერთან“ საუბრისას, დიურჰაიმერმა თქვა, რომ ამ ტიპის ავტომობილები, „ბუგატის“ იმიჯს არ შეეფერება. ამასთან, მანვე დაადასტურა ადრე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალი ავტომობილი „ვეირონზე“ სწრაფი იქნება.

„ჩვენ საავტომობილო ბაზრის უმაღლეს საფეხურზე ვდგავართ და არ გვინდა, ჩვენი ბრენდის აღქმა და პოზიცია შეიცვალოს. ჩვენ უმაღლეს საფეხურზე დავრჩებით. ეს ორადგილიანი სუპერ ავტომობილების წარმოებას ნიშნავს და აქ ადგილი არაა უგზოობის ავტომობილებისა და სედანებისთვის. ამასთან, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შემდეგი „ბუგატი“ წინაზე გაცილებით უკეთესი იყოს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მხოლოდ ერთი მიმართულებით არ მოგვიწევს მუშაობა. ჩვენი მიზანი, ყოველმხრივ სრულყოფილი ავტომობილის შემუშავებაა“, – ამბობს დიურჰაიმერი.

Veyron-Successor-Will-Be-Faster-3

ის დასძენს, რომ რამდენიმე სატესტო პროტოტიპის მართვის საშუალება მიეცა და თამამად შეუძლია თქვას, რომ „ბუგატის“ ახალი ავტომობილი, ყველა პარამეტრით, მსოფლიოში საუკეთესო სპორტული სუპერ ავტომობილი იქნება.

კითხვაზე, რა კრიტერიუმების შესაბამისად იქმნება „ვეირონის“ შემცვლელი, კომპანიის შეფმა ლაკონურად უპასუხა: „ის გაცილებით უკეთესი უნდა იყოს“. და რა თქმა უნდა, მანვე თავი შეიკავა იმ მიზნობრივი მახასიათებლების დასახელებისგან, რომლების მიღწევაც, პროექტზე მომუშავე ინჟინრებს ევალებოდათ. ამაზეც მოკლედ თქვა – რიცხვებს მალე გამოვაცხადებთო. დიურჰაიმერის თქმით, „ვეირონის“ შემცვლელი (ის ახალი ავტომობილის სახელს არ ახსენებს, თუმცა ცნობილი, რომ სახელოვანი მონაკოელი მრბოლის, ლუი შირონის საპატივცემულოდ, ახალ ავტომობილს „შირონი“ ერქმევა) სარბოლო ტრეკზე უკეთესი სამართავი იქნება. ამასთან, ის გაცილებით ეფექტური მუხრუჭებით აღიჭურვება და მაქსიმალურ სიჩქარესაც წინა ავტომობილზე სწრაფად მიაღწევს.