რბოლა, რომლისგანაც სიურპრიზებს ნაკლებად თუ ვინმე ელოდა, ამ სეზონის ყველაზე გამორჩეულ სანახაობად იქცა. რბოლამდე თუ აბსოლუტური დომინანტი ლუის ჰამილტონი იყო, სტარტზევე სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა – პოულის მფლობელს ერთდროულად სამმა პილოტმა გაასწრო! ამ სამეულიდან ყველაზე ყოჩაღები, „ფერარის“ პილოტები აღმოჩნდნენ. სებასტიან ფეტელი დაწინაურდა, კიმი რაიკონენმა კი მეორე მოსახვევში ნიკო როსბერგსაც გაასწრო და თანაგუნდელს კვალში ჩაუდგა.

„მერსედესის“ პილოტებმა კი გზა ვერ გაიყვეს – ჰამილტონმა როსბერგის გასწრება სცადა, მაგრამ ამან გზა არ დაუთმო და აგრესორს ისღა დარჩენოდა, გრუნტზე გადასულიყო. და სანამ ტრასას დაუბრუნდებოდა, რამდენიმე მეტოქემ გაასწრო. ამგვარად, უნგრული დიდი პრიზის ოთხგზის გამარჯვებულმა, სტარტზევე პრაქტიკულად დაკარგა მეხუთე გამარჯვების შანსი.

start1

აქედან მოყოლებული, ტრასაზე, რომელიც გასწრების ნაკლებ საშუალებას აძლევს პილოტებს, არაერთი საინტერესო ბრძოლა გაიმართა, რომელთა დროსაც გასწრებებიც იყო, შეჯახებებიც. მაგრამ პიტსტოპების პირველ სერიამდე, ლიდერთა შორის არაფერი შეცვლილა. მერე კი, 29-ე წრეზე, ჰამილტონმა დანიელ რიკარდოს გაასწრო და მეოთხეზე გადაინაცვლა. ამ დროს, ბრიტანელი სოფტებით ასპარეზობდა, მის წინ მიმავალი ყველა მეტოქე კი მედიუმებით იყო და ეს ჩემპიონს დაწევის შანსს აძლევდა.

41-ე წრეზე რაიკონენმა თავისიანებს აცნობა, სიმძლავრე დამაკლდაო. მალე გაირკვა, რომ ეს კინეტიკური ენერგიის აღდგენის სისტემის დაზიანებამ გამოიწვია. ამის დასტურად, მას მალე ფერნანდო ალონსომ გაასწრო, რომელიც ფინელს წრზე ჰყავდა ჩამოტოვებული. და მალე, რბოლის გარდატეხის მომენტი დადგა – პირველ მოსახვევში ნიკო ჰულკენბერგი საბურავების დამცავ ზღუდეს შეეჯახა. მოსახვევის წინ დამუხრუჭებისას, მის ბოლიდს წინა ანტი ფრთა მოსტყდა და საბურავების ქვეშ შევარდა, რამაც მუხრუჭების ეფექტურობა კატასტროფულად შეამცირა. მოკლედ, ტრასის ეს მონაკვეთი ნამსხვრევებით გაივსო და ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა.

BUDAPEST, HUNGARY - JULY 26:  Daniel Ricciardo of Australia and Infiniti Red Bull Racing makes a pits stop during the Formula One Grand Prix of Hungary at Hungaroring on July 26, 2015 in Budapest, Hungary.  (Photo by Mark Thompson/Getty Images)

BUDAPEST, HUNGARY – JULY 26: Daniel Ricciardo of Australia and Infiniti Red Bull Racing makes a pits stop during the Formula One Grand Prix of Hungary at Hungaroring on July 26, 2015 in Budapest, Hungary. (Photo by Mark Thompson/Getty Images)

ფეტელის უპირატესობა განულდა, რადგან მესამეზე მყოფ როსბერგს, დიდი ჩამორჩენის ერთბაშად აღმოფხვრის საშუალება მიეცა. რაიკონენი კი, თავისი პრობლემებით, რესტარტამდე გამოეთიშა გამარჯვებისთვის ბრძოლას. სწორედ ასე მოხდა პეისკარის ტრასიდან გასვლისთანავე (49-ე წრეზე) – როსბერგს „ფერარის“ პილოტის გასწრება არ გასჭირვებია. პირველ მოსახვევში, ჰამილტონსა და რიკარდოს შორისაც გაიმართა ბრძოლა, რომლის შედეგადაც, ჰამილტონს წინა ანტი ფრთა დაუზიანდა, რიკარდომ კი დაზიანებული მანქანით გააგრძელა გზა და მალე რაიკონენიც ჩამოიტოვა. ფინელს ამ დროს ბრძოლის აღარანაირი შანსი აღარ ჰქონდა და მალე ის სხვებმაც ჩამოიტოვეს.

ჰამილტონმა ბოქსებს მიაშურეს, სადაც მის მანქანას წინა ნაწილი გამოუცვალეს. ტრასაზე დაბრუნებულს კი მალე ისევ ბოქსში მოუწია შესვლამ. ამჯერად იმის გამო, რომ რიკარდოსთან შეჯახებაში სტიუარდებმა დამნაშავედ ის სცნეს. რიკარდომ კი ამასობაში მეორეზე მყოფ როსბერგსაც შეუტია და პირველ მოსახვევში გაუარა კიდეც. როსბერგმა გადაჯვარედინებით სცადა პოზიციის დაბრუნება და საწადელსაც მიაღწია, მაგრამ სანამ მანევრს დაასრულებდა, ავსტრალიელს დაეჯახა. ამან ის უფრო დააზარალა – „მერსედესზე“ უკანა მარცხენა საბურავი, „რედ ბულს“ ცხვირი დაუზიანდა. მაგრამ როსბერგმა ბევრი დროც დაკარგა და საბოლოოდ, მერვე ადგილს დასჯერდა.

win

ამასობაში, ფეტელმა პრაქტიკულად უბრძოლველად (ამის თქმაც უსამართლობაა), პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი. მეორე ადგილი კი, დანილ კვიატს ერგო, რომელმაც როსბერგის და რიკარდოს უშეღავათო პაექრობით იხეირა და თავის კარიერაში პირველად ავიდა კვარცხლბეკზე. რიკარდმ კი მაინც მოახერხე მესამე ადგილის დაკავება. სხვათა შორის, თავის კარიერაში საუკეთესო შედგით დაასრულა რბოლა მაქვს ფერსტაპენმაც.

დაბოლოს, როგორც იქნა, „მაკლარენის“ ორივე პილოტმა შეძლო რბოლის დასრულება და რაც მთავარია, ორივემ ქულებში. უფრო მეტიც, ფერნანდო ალონსომ მეხუთემ გადაკვეთა ფინიშის ხაზი, ჯენსონ ბატონი კი მეცხრე ადგილს დასჯერდა.

უნგრეთის დიდი პრიზი

ჰუნგარორინგი, დისტანცია 306.630 კმ (4.381 კმ, 69 წრე)

  1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:46:09.985
  2. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) +00:15.748
  3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 00:25.084
  4. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 00:44.251
  5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 00:49.079
  6. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 00:52.025
  7. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 00:58.578
  8. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:58.876
  9. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 01:07.028
  10. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი) 01:09.130
  11. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 01:13.458
  12. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 01:14.278
  13. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 01:20.228
  14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 01:25.142
  15. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი) 2 წრე

16გ. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                    4 წრე

გ. კარლოს საინსი (ესპანთი, ტორო როსო)                     9 წრე

გ. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             14 წრე

გ. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                      16 წრე

გ. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            28 წრე

შენიშვნა: გ – გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: დანიელ რიკარდო – 1:24.821, 68-ე წრე

პილოტები

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 202
  2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 181
  3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 160
  4. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 77
  5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 76
  6. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 74
  7. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 51
  8. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 45
  9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 24
  10. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 23
  11. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 22
  12. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 16
  13. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 15
  14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 12
  15. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 11
  16. კარლოს საინსი (ესპანთი, ტორო როსო) 9
  17. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 6
  18. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი) 6
  19. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი) 0
  20. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) 0

კონსტრუქტორები

  1. მერსედესი 383
  2. ფერარი 236
  3. უილიამს-მერსედესი 151
  4. რედ ბულ-რენო 96
  5. ფორს ინდია-მერსედესი 39
  6. ლოტუს-მერსედესი 35
  7. ტორო როსო-რენო 31
  8. ზაუბერ-ფერარი 22
  9. მაკლარენ-ჰონდა 17
  10. მენორ-ფერარი 0