ფორმულა ერთის ყოფილი პილოტი და ამჟამად „სკაი სპორტის“ ტელეწამყვანი, ბრიტანელი მარტინ ბრანდლი დარწმუნებულია, რომ მაქს ფერსტაპენის სახით, ფორმულა ერთს მალე ახალი სუპერ ვარსკვლავი ეყოლება. მისი თქმით, ჰოლანდლი მრბოლი მომავალი მსოფლიო ჩემპიონია და ის უკვე ახლავე ავლენს აირტონ სენას და მიხაელ შუმახერის მონაცემებს.

17 წლის ფერსტაპენმა თავის პირველივე სამ რბოლაში მიიქცია ყურადღება. მელბურნში, თავისი სადებიუტო რბოლა მე-12 პოზიციიდან დაიწყო, თუმცა შემდეგ ექვსეულში შევიდა და ძრავს რომ არ ემტყუნა, ფინიშს ათეულის შიგნით გადაკვეთდა. მალაიზიაში სტარტი მეექვსემ აიღო და ფინიშის ხაზი მეშვიდემ გადაკვეთა და ეს ჯერჯერობით მისი საუკეთესო შედეგია. სხვათა შორის, სეპანგის რბოლის შემდეგ, ის ფ1-ის ისტორიაში ყველაზე ახალფგაზრდა პილოტი გახდა, ვინც ქულის აღება შეძლო. შანჰაიში ტრანსმისია დაუზიანდა, ამჯერად ფინიშამდე 4 წრით ადრე. არადა, მე-8 ადგილის რეალური შანსი ჰქონდა.

Petronas-Sponsor

ასეთი სტარტის შემდეგ, ბრანდლს, ვისაც ფ1-ში 158 რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული, ეჭვიც აღარ ეპარება, რომ ფერსტაპენს დიდი მომავალი აქვს და ის აუცილებლად გახდება ჩემპიონი. „ჩვენს წინაშე მეგა ვარსკვლავი ყალიბდება. მისი თავდაჯერებულობა აღტაცებას იწვევს. ფერსტაპენი მსოფლიო ჩემპიონატის მომგებ გუნდში მანამ აღმოჩნდება, სანამ 20 წლის გახდება. ჩემი აზრით, მას უკვე აქვს სენას და შუმახერის თვისებები“, – ამბობს ბრანდლი.

ბრანდლი, ვინც 1992 წელს შუმახერის თანაგუნდელი იყო, ამბობს, რომ ფერსტაპენი ძალიან ახალგაზრდა კი არის და გამოცდლებაც აკლია, მაგრამ რბოლისას ამისა არაფერი ეტყობა: „ის პატარა ბიჭია, მაგრამ იფიქრებ, რომ გამოცდილი პიროვნების გონება აქვს. ის ძალიან გაწონასწორებულია. რა თქმა უნდა, შეცდომებს დაუშვებს, რა თქმა უნდა, შეცდომებს დაუშვებს. მაგრამ ის ძალიან სწრაფია და გამოუცდელობის არაფერი ეტყობა“.

სხვათა შორის, კომპანია „რედ ბულის“ მოტორსპორტის მრჩეველმა, დოქტორმა ჰელმუტ მარკომ განაცხადა, რომ ფერსტაპენის მომავალი „რედ ბულთან“ არის დაკავშირებული, რომელიც მის გაშვებას არ აპირებს. ამასთან, ის ხაზს უსვამს, რომ ჯერჯერობით, ჰოლანდიელი სრულყოფილ მრბოლას ჩამოყალიბების პროცესს გადის და ზედმეტი ყურადღება არ სჭირდება.

Petronas-Sponsor-Footer