სწორედ ასეთი ჯარიმა დაიმსახურა მაქს ფერსტაპენმა, მონაკოს დიდი პრიზის რბოლისას, მის მიერ ინიცირებული ინციდენტის გამო, რომელშიც რომენ გროჟანს დაეჯახა და რაც მთავარია, მისდა უნებურად, რბოლის ბედი შემოატრიალა. ფერსტაპენი მე-10 ადგილისთვის გროჟანთან იბრძოდა, როცა მას პირველ მოსახვევ სენ დევოში, უკნიდან დაეჯახა.

შეჯახების შემდეგ, ჰოლანდიელის „ტორო როსო“ დამცავ ზღუდესაც დაეჯახა, თუმცა ბედად, ტრავმას გადაურჩა. რაც შეეხება გროჟანს, მან გზა კი გააგრძელა, მაგრამ ორი ადგილი დაკარგა და უქულოდ დარჩა. სტიუარდებმა მომხდარში სწორდ ფერსტაპენი დაადანაშაულეს და კანადური დიდი პრიზის სტარტზე ხუთი ადგილით უკან დაწევის გარდა, ორი საჯარიმო ქულაც დაუწერეს. თუმცა, ყოველივეს მიუხედავად 17 წლის მრბოლი ამბობს, რომ ინციდენტი გროჟანმა გამოიწვია.

Formula One World Championship

Formula One World Championship

„მე მანევრი არც შემისრულებია. ერთი წრით ადრე სწორედ იმ ადგილზე დავამუხრუჭე, სადაც ავარიისას. მაგრამ გროჟანმა იმაზე 10-15 მეტრით ადრე დაიწყო შენელება, ვიდრე წინა წრეზე. ეს ჩემთვის მოულოდნლობა იყო, რადგან ასე არავინ იქცევა. რეაგირებისთვის ადგილიც არ დამრჩა. შესაძლოა ისე ჩანდა, რომ ვასწრებდი, მაგრამ რეალურად, მე მასთან შეჯახების თავიდან აცილებას ვცდილობდი“, – ამბობს ფერსტაპენი, ვინც რბოლა მე-9 პოზიციიდან დაიწყო და ქულების ასაღებად იბრძოდა.

Petronas-Sponsor

ფერსტაპენს რბოლის პირველ ნაწილშიც არ გაუმართლა, რადგან პირველ პიტსტოპზე ძალიან შეაყოვნეს – უკანა ბორბლების გამოცვლა გაჭირდა. მაგრამ ავარიამდე რამდენიმე წრით ადრე, ორი წარმატებული მანევრი შეასრულა, რისთვისაც გამსწრები კიმი რაიკონენი და მისთვის აფრიალებული ლურჯი დროშები გამოიყენა.

ასე იყო თუ ისე, ფერსტაპენის და გროჟანის შეჯახების გამო, ტრეკზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა და სანამ ის პელოტონს უძღვებოდა, „მერსედესმა“ ტაქტიკური შეცდომა დაუშვა და ლიდერი ლუის ჰამილტონი მეორე პიტსტოპზე შეიყვანა, რაც ჩემპიონს რბოლის წაგებად დაუჯდა.

Petronas-Sponsor-Footer