ამერიკის მეორადი ავტომობილების ბაზარი ჩვენთვის მნიშვნელოვანია – იქ შეძენილი ავტომობილებით კომერცია საქართველოში ბევრისთვის შემოსავლის წყაროა. იყო დრო, როცა სწორედ მეორად ავტომობილებს, საქართველოს ექსპორტში ლიდერის პოზიცია ეკავა. დღესაც ამ საქმით ბევრი შოულოს ფულს და ამიტომ, ეს ინფორმაციაც საინტერესო უნდა იყოს.

უკვე შვიდი წელია, ამერიკაში ახალი ავტომობილების გაყიდვები მატულობს. ამის პარალელურად, მეორად ავტომობილებზე მოთხოვნა თანდათან მცირდება. “ავტონიუსის” ინფორმაციით, ეს ტენდენცია ეხება არამხოლოდ იმ ავტომობილებს, რომლებიც უკვე წლებია, ექსპლუატაციაშია, არამედ თვეების წინ გაყიდულ ავტომობილებსაც.

საავტომობილო ბაზრის ანალიტიკაზე სპეციალზებულ კომპანია Black Book-ის ინფორმაციით, ავტომობილი 12 თვეში საშუალოდ თავისი ღირებულების 17 პროცენტს კარგავს. არადა, 2014 წელს გაუფასურების ტემპი 9.5 პროცენტი იყო.

საერთო ფონზე, სხვადასხვა სეგმენტის ავტომობილებზე ფასები განსხვავებული ტემპით ეცემა. კერძოდ, სუბკომპაქტურ ჰეჩბეკებსა (როგორიცაა ჩვენში პოპულარული Honda Fit-ი) და დიდ სედანებზე (მაგალითად, Chevrolet Impala) ფასები სხვებთან შედარებით, ყველაზე მეტად ეცემა. შედარებით ნაკლები კლება აქვს დიდი SUV-ების და პიკაპების ფასებს. და კიდევ, იმპორტირებულ მეორად ავტომობილებზე ფასები უფრო მკვეთრად მცირდება, ვიდრე ადგილობრივი წარმოებისაზე.

საქმე ისაა, რომ ამერიკის გზებზე მოძრავი ავტომობილების დიდი ნაწილი ლიზინგით არის გაყიდული. ლიზინგის კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ კი ისინი მეორად ავტომობილებით მობვაჭრე კომპანიების სადგომებზე ინაცვლებენ. ახალი ავტომობილების გაყიდვების ზრდის კვალობაზე, ასეთ სადგომებზე სულ უფრო მეტი ავტომობილი გროვდება. ეს კი ფასს დაბლა სწევს.