რამდენიმეთვიანი გამოძიების შემდეგ, შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა, სამოქალაქო სარჩელი აღძრა Volkswagen-ის წინააღმდეგ, რომელსაც „სუფთა ჰაერის კანონის“ დარღვევაში ადანაშაულებს. სექტემბერში გაირკვა, რომ გერმანულმა კომპანიამ, აშშ-ში გასაყიდად გამზადებულ თითქმის 600 000 ავტომობილზე, დააყენა ელექტრონული სისტემა, რომელიც ტესტების დროს, დიზელის ძრავების გამონაბოლქვის ჩვენებებს აყალბებდა. მსგავსი სისტემით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ვოლფსბურგელთა მილიონობით ავტომობილი არის აღჭურვილი.

2015-VW-Jetta-TDI-4

სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ფოლკსვაგენს 90 მილიარდ დოლარზე მეტის ჯარიმის სახით გადახდა მოუწევს. გამოდის, რომ ამ სისტემით აღჭურვილ ყოველ გაყიდულ ავტომობილზე, ჯარიმა 37 500 დოლარს მიაღწევს. არადა, თავდაპირველი გაანგარიშებით, გერმანულ კომპანიას „მხოლოდ“ 18 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევდა.

სარჩელი გარემოს დაცვის სააგენტოს სახელითაა აღძრული და მასში ლაპარაკია იმაზე, რომ Volkswagen’მა „სუფთა ჰაერის კანონის“ ოთხი პუნქტი დაარღვია. მათგან ორ შემთხვევაში, ლაპარაკი გაყალბებაზეა. ჯერ ერთი, გამოყენებულია სისტემები, რომლებიც წინასწარ გამიზნულად, ყალბ ინფორმაციას იძლევა და მეორეც, კომპანიამ სათანადო სამსახურებს დარღვევების შესახებ არ შეატყობინა. იუსტიციის დეპარტამენტი ირწმუნება, რომ VW-ში კარგად იცოდნენ დარღვევების შესახებ.

წინასწარი ვარაუდით, სარჩელი დაკმაყოფილდება. ერთადერთი, რისი შანსიც „ფოლკსვაგენს“ აქვს, ჯარიმის მოცულობის შემცირებაა. თუმცა არაა გამორიცხული, რომ საქმე ასევე სისხლის სამართლის სასამართლოშიც განიხილონ, რადგან იუსტიციის დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ გერმანული კომპანია მომხმარებლებს და შეერთებული შტატების რეგულატორებს ატყუებდა.