დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც კომპანია Uber-ის მთავარი აღმასრულებელი ტრევის კალანიკი აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველთა საბჭოს წევრი გახდა, მაგრამ ერთი თვეც არ გასულა და მან ეს პოსტი დატოვა. ამის მიზეზად მან ლტოლვილების ქვეყანაში შეშვების აკრძალვა დაასახელა. მისი თქმით, საბჭოში დარჩენის შემთხვევაში, შეიქმნებოდა იმის შთაბეჭდილება, რომ ის ტრამპის გადაწყვეტილებას ემხრობა.

„მე ვესაუბრე პრეზიდენტს საიმიგრაციო პრობლემებზე და იმაზე, თუ რა გავლენა აქვს ამ პრობლემას ჩვენს საზოგადოებაზე. მე მას ასევე ვუთხარი, რომ მის ეკონომიკურ საბჭოში ჩემი დარჩენა შეუძლებელი იქნებოდა. ჩემი იქ დარჩენა არ იქნებოდა იმის ერთმნიშვნელოვანი აღიარება იმისა, რომ პრეზიდენტის განკარგულებას ვეთანხმები, მაგრამ ბევრისგან მაინც ასე აღიქმებოდა. ამიტომ წამოსვლა ვარჩიე“, – ამბობს კალანიკი.

ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, კალანიკმა საჯაროდ გააკრიტიკა ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკა და განაცხადა, რომ ეს უარყოფითად იმოქმედებს მისი კომპანიის ირანელ, ერაყელ, ლიბიელ, სომალელ, სუდანელ, სირიელ და იემენელ მძღოლებზე.

ცნობისათვის, „იუბერი“ სან ფრანცისკოში (კალიფორნია) ბაზირებული კომპანიაა, რომელიც ონლაინ სატრანსპორტო ქსელით ემსახურება მოსახლეობას. ის იყენებს საკუთარ აპლიკაციას, რომელიც სმარტფონების მფლობელებს, ტაქსის გამოძახების საშუალებას აძლევს. ქსელში ჩართულნი არიან კერძო ავტომობილების მფლობელი კერძო პირები, რომლებიც მომხმარებლებს ემსახურებიან. ქსელი იძახებს იმ ავტომობილს, რომელიც ყველაზე ახლოსაა გამოძახებასთან. ამასთან, მომხმარებელს წინასწარ შეუძლია მიუთითოს მგზავრობის საბოლოო წერტილი და „იუბერის“ ტაქსი მას ოპტიმალური მარშრუტით, სწრაფად მიიყვანს დანიშნულების ადგილზე. თან, მგზავრობის ფასსაც ავტომატურად უანგარიშებს.

Uber-მა მუშაობა 2011 წელს, სან ფრანცისკოში დაიწყო და მისი ქსელი ამჟამად მსოფლიოს 66 ქვეყანაში და 545 ქალაქში მუშაობს.