ამერიკის 30 ქალაქის ხელისუფლებას, ჯამში 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ელექტრომობილების შეძენა აქვს გადაწყვეტილი. ამით ისინი შეძლებენ ამ ტიპის ავტომობილებზე მოთხოვნის გაზრდას და თავიანთი ქალაქების ატმოსფეროში გამონაბოლქვის დონის შემცირებას. ამით ისინი საფუძველს გამოაცლიან პრეზიდენტ ტრამპის სკეპტიკურ დამოკიდებულებას ელექტრომობილების მომავალთან დაკავშირებით.

ამერიკული ქალაქების მიერ ელექტრომობილების მასობრივად შესყიდვის კამპანიის ინიციატორია ლოს ანჯელესის მერი ერიკ გარჩეტი. ლოს ანჯელესის წამოწყება სწრაფადვე აიტაცეს ნიუ იორკმა, ჩიკაგომ, სან ფრანცისკომ, პორტლენდმა, ბოსტონმა, სიეტლმა, ჰიუსტონმა და სხვა ქალაქებმა. მათმა ხელისუფლებმა უკვე მიმართეს ავტო კომპანიებს და საერთო ჯამში, 114 000 ელექტრომობილის შეძენის სურვილი გამოთქვეს. მათ შორისაა ქალაქის დასუფთავების მანქანები, პოლიციის საპატრულო ავტომობილები, ნაგვის გამტანი და სხვა ტიპის საავტომობილო ტექნიკა.

როგორც ლოს ანჯელესის მდგრადობის ოფისის შეფი მეტ პეტერსონი ამბობს, „მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვის პრეზიდენტი ტრამპი, ან რას გააკეთებენ ვაშინგტონში. სხვა ქალაქები კვლავ გააგრძელებენ კლიმატის ცვლილებასთან და მის გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლას“. ამ ეტაპზე, ქალაქებს ჯერ არ შეუკვეთიათ ელექტრომობილები, თუმცა ამზადებენ შესაბამის სატენდერო პროცესებს და მათში ავტომწარმოებლებს იწვევენ.

114 000 შეკვეთილი ელექტრომობილის მიწოდება ალბათ რამდენიმე წელიწადს გასტანს, მაგრამ მაინც ნიშანდობლივია, რომ მათი ჯამური ფასი დაახლოებით 72 პროცენტი იქნება იმ თანხისა, რომელიც მარტო ამერიკის ბაზარზე, მყიდველებმა პლაგ-ინ ჰიბრიდულ ავტომობილებში გადაიხადეს.