პირველი თაობის Ford GT-ს წყვილ ტურბოკომპრესორიანმა ვერსიამ, ტექსასში გამართულ დრაგ რბოლაში, ნახევარი მილის (804.67 მეტრი) სიჩქარის რეკორდი დაამყარა. ავტომობილის სიჩქარემ 472.7 კმ/სთ-ს მიაღწია. გარბენი დრაგის ტრეკ „ტექსასის მილზე“ მოეწყო.

მიღწევა სარბოლო გუნდ M2K Motorsports-ს ეკუთვნის, რომელიც ამ შედეგისთვის რამდენიმე თვე ემზადებოდა. გარბენი ადგილიდან სტარტით შესრულდა.

სტანდარტული, 2006 წელს გამოშვებული GT 5.4-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც მექანიკური დამჭირხნი ემსახურება. მაგრამ ის წყვილი ტურბო კომპრესორით შეცვალეს. პროექტის ავტორებს ძრავის სიმძლავრე არ გამოუქვეყნებიათ, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, აგრეგატი 3 000 ცხენის ძალის ფარგლებში ავითარებს.

ასეთ მძლავრ ძრავთან წყვილში ისევ ქარხნული 6-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი მუშაობს, მათ შორის კავშირს კი უფრო მძლავრი გადაბმულობის ქურო უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდიც 2006 წელს გამოშვებული GT-ს ბაზაზე დამზადებულ „მონსტრს“ (ასე მოიხსენიებენ ავტომობილებს, რომელთა სიჩქარეც 320 კმ/სთ-ზე მეტია) ეკუთვნის. ის 2012 წელს დამყარდა და მაშინ ავტომობილის სიჩქარემ 455.95 კმ/სთ-ს მიაღწია.