აუდის მეორე თაობის სუპერ ავტომობილი R8 ბაზარზე ახალი გამოსულია და მისი წინამორბედის დარად, პოპულარობაც არ აკლია. ის „ლამბორგინის“ წარმოების 5.2-ლიტრიანი ატმოსფერული V10 აგრეგატითაა აღჭურვილი, რომლის უფრო ძლიერი ვერსიაც, 610 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. გარდა ამისა, ოტხი რგოლი ამ ავტომობილის ელექტრონულ ვერსიასაც აწარმოებს.

მაგრამ დღეს ესეც არაა საკმარისი – ბაზარი, განსაკუთრებით კი მსოფლიოს უდიდესი, ჩინური ბაზარი, ტურბო აგრეგატს ითხოვს. ტურბინიზაცია ტენდენციაც რომ არ იყოს, ეს ისედაც ანგარიშგასაწევი ფაქტორი იქნებოდა. ჩინეთში ტურბო აგრეგატების პოპულარობას კი ის ფაქტორი განაპირობებს, რომ იქ მრავალცილინდრიან და დიდლიტრაჟიანი ძრავებით აღჭურვილ ავტომობილებზე, დიდი გადასახადებია.

audi-r8-fd-2017-5

გარდა ამისა, კომპანიის მარკეტოლოგების დასკვნით, საწყისი დონის (ენტრი ლეველ) ვერსიის არქონის გამო, R8 საკმაოდ ბევრ მყიდველს კარგავს. თუმცა, ასე დიდხანს არ გაგრძელდება: კომპანიის ტექნიკური განვითარების მმართველი საბჭოს შეფმა, დოქტორმა ულრიხ ჰაკენბერგმა, ავსტრალიურ გამოცემა „მოტორინგთან“ საუბრისას განაცხადა, რომ სუპერ ავტომობილის ძრავების გამაში, ტურბო ძრავი მეორე თაობის მოდელზევე გამოჩნდება. ამასთან, ამავე გამაში ადგილს აუცილებლად შეინარჩუნებს V10 ატმოსფერული ძრავი.

დიდი ალბათობით, ტურბო ძრავი, რომელსაც R8-ს გამაში შესვლის პატივი ერგება, 2.5-ლიტრიანი ერთრიგა ხუთცილინდრიანი აგრეგატი იქნება, რომელსაც ელექტრო-ტურბო კომპრესორი მოემსახურება. კონცეპტუალურ „აუდი TT კლუბსტერ ტურბოს“ ეს აგრეგატი თითქმის 600 ცხენის ძალას აძლევს. ასე რომ, V10-ს სიმძლავრით ოდნავ ჩამორჩება. გარდა ამისა, გერმანული კომპანიის განკარგულებაში მალე იქნება წყვილ ტურბოიანი V6 და ასევე შესაძლებელი იქნება ძველი 4.2-ლიტრიანი V8-ს გამოყენება, რომელიც შესანაშნივი მახასიათებლებით გამოირჩევა.

audi-r8-fd-2017-2