სუპერ ავტომობილების მწარმოებელი ესპანური კომპანია „AD ტრამონტანას“ დებიუტი ბრიტანეთში, სალონ პრივეს კონკურსის დროს შედგება. ფესტივალზე ესპანური კომპანია თავის პირველ ავტომობილს, ნახევრად ღიაბორბლიან და დახურულ კოკპიტიან სუპერ ავტომობილს წარადგენს. სწორედ სალონ პრივეს დროს დაიწყება ალბიონზე ამ უცნაური ფორმის მქონე ავტომობილის გაყიდვები. სასტარტო ფასი 300 000 გირვანქა სტერლინგი იქნება.

ესპანური კომპანია, თავისი მონსტრის მყიდველს ორ ძრავს სთავაზობს. ერთია „მერსედს-ბენცის“ წარმოების, 5.5-ლიტრიანი წყვილ ტურბო კომპრესორიანი V12, 710 ცხენის ძალით, ან „აუდის“ წარმოების, 5.2-ლიტრიანი ატმოსფერული V10, რომელიც 592 ცხენის ძალას იძლევა. ამასთან, პირველი ძრავი ფორსირების ორი ხარისხითაა. უფრო სუსტის სიმძლავრე 542 ცხენის ძალაა. ამ ვარიანტებიდან, ყველაზე მძლავრი ძრავით აღჭურვილ ვერსიას ადგილიდან ასის მისაღწევად 3.6 წამი სჭირდება, მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 300 კილომეტრს აღწევს.

tramonta-news-002

ამ ავტომობილის ვერსია XTR ასევე V12 ძრავითაა აღჭურვილი და სატრეკოდაა მომართული. ამ შემთხვევაში, ავტომობილის აჩქარება 3.3 წამში ესწრება, მაქსიმალური სიჩქარე კი 325 კმ/სთ-ს აღწევს. მყიდველს ასევე შესთავაზებენ ამ ძრავის ყველაზე მძლავრი, 838-ცხენისძალიანი ვესიით აღჭურვილ XTR-GT-ს, რომელსაც კიდევ უფრო უკეთესი მახასიათებლები ექნება, თუმცა მათ შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

ძრავი ბაზაშია განლაგებული და მასთან 6-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული, რომელიც ამძრავ ძალას უკანა ბორბლებს აწვდის. ამასთან კომპანია გვპირდება, რომ მალე 8-საფეხურიანი სეკვენტალური ტრანსმისიაც ხელმისაწვდომი იქნება. ავტომობილი კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ მონოკოკურ შასიზეა ბაზირებული. „ტრამონტანას“ ინფორმაციით, სამივე ვერსიის შემთხვევაში, ავტომობილი 1350 კილოგრამს იწონის.

tramonta-news-001

„ტრამონტანას“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი სუპერ ავტომობილის გარეგნობა ბევრს შეიძლება არც მოსწონს, მაგრამ ეს არის სატრეკო ავტომობილი, რომლითაც სახლიდან ტრეკამდე მისვლა შეგიძლიათ. ანუ, სატრეკოდ განკუთვნილი, საგზაო სერტიფიკატით. მის კოკპიტში ორი ადგილია, რომლებიც ტანდემურად (ერთი მეორის უკან) არის განლაგებული. კოკპიტის გასაწყობად ტყავია გამოყენებული, მაჩვენებლების დაფის როლში კი ციფრული ეკრანია.