მეოთხე თაობის Toyota Supra ახლაც პოპულარული ავტომობილია, რაც 2001 წლის ფილმ “ფორსაჟმაც” განაპირობა. ის მეორად ბაზარზეც ძვირად ფასობს და ყოველი ეგზემპლარი, განცხადებიდან მოკლე ხანში იყიდება. განსაკუთრებული პოპულარობით კი მისი სერიული ვერსიები სარგებლობს.

მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც Supra მონსტრის მონაცემებით სურთ. მათ ისღა დარჩენიათ, ავტომობილის კაპოტის სივრცე გაათავისუფლონ და იქ 3.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ერთრიგა ორტურბოიანი აგრეგატის ნაცვლად, Hemi V8 გიგანტი ჩადგან.

ჰიუსტონში (ტექსასი) ბაზირებულმა Prospeed Autosports-მა სწორედ ეს გააკეთა. მისმა ინჟინრებმა Supra უზარმაზარ ტურბინიანი Hemi V8 ძრავით აღჭურვეს, იაპონური ძრავი კი სხვა პროექტისთვის შემოინახეს. როგორც ფირმის წევრი კრის დელგადო ამბობს, ასეთი გაცვლის მიზანი არ იყო უბრალო ძრავების გაცვლა, რაც მთელს მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული მიმდინარეობაა. მათ სწრაფი ავტომობილი რბოლებისთვის სურდათ.

უნდა ითქვას, რომ სამუშაოები ჯერ დასრულებული არ არის და შესაბამისად, ავტომობილს არც დინამომეტრიულ სტენდზე გაუვლია ტესტები. მაგრამ დელგადო ამბობს, რომ ძრავის სიმძლავრე 2 500 ცხენის ძალამდე არის გაზრდილი. მისი თქმით, ავტომობილი 85 პროცენტით არის დასრულებული. დასამთავრებელია ძრავის საწვავის მიწოდბის და შეზეთვის სისტემების შემუშავება. რის შემდეგაც, ძრავს ააწყობენ და Supras კაპოტის სივრცეში ჩადგამენ.

ასეთი მძლავრი ძრავის გასაძლებად, შასი მნიშვნელოვნად გაძლიერდა და დამცავი კარკასით აღიჭურვა. მის კონსტრუქციაში უხვად გამოიყენეს კარბონის კომპოზიტი. ავტომობილი ოთხწერტილოვან საკიდარზე დააყენეს, რომელშიც Penske-ს სამმაგად რეგულირებადი ამორტიზატორებია გამოყენებული. ძრავთან წყვილში ტურბო-ჰიდრავლიკური TH400 ავტომატური ტრანსმისია იმუშავებს, რომლის მიერ გადამუშავებული ძალაც, უკანა წამყვან ბორბლებს გადაეცემა.