რაც დრო გადის, სულ უფრო რეალური ხდება ბაზარზე ახალი Toyota Supra-ს გამოსვლა. ახალი ინფორმაციით, „სუპრას“ კონცეპტუალურ ვერსიას ოქტომბერში, ტოკიოს მოტორ შოუზე ვიხილავთ. წყაროს ცნობით, სპორტული ავტომობილი, კონცეპტ FT-1-ის (ფოტოზე) შთაგონებით არის შემუშავებული, რომელიც იაპონურმა კომპანიამ 2014 წელს გაგვაცნო.

ახალ ავტომობილს, პოპულარულ GT86-სთან შედარებით, გაცილებით ნაკლებად კონსერვატიული გარეგნობა ექნება. რაც მთავარია, Toyota ამ ავტომობილზე BMW-სთან ერთად მუშაობს, რომელიც თავის მხრივ, Supra-ს საკუთარ ანალოგს გამოუშვებს. ახალი ავტომობილების შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებულია, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, ახალი ავტომობილის ძრავების გამაში სამი აგრეგატი შევა.

მათ შორის იქნება 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი (ერთრიგა) 255 ცხენის ძალით, 340-ცხენისძალიანი 3.0-ლიტრიანი V6 და ჰიბრიდული აგრეგატი, რომელშიც 2.5-ლიტრიანი შიდაწვის ძრავი შევა. გერმანული კომპანიის სპორტქარის სახელი Z5 იქნება და მისი დებიუტი ფრანკფურტის მოტორ შოუზეა მოსალოდნლი, რომელიც სექტემბერში გაიმართება. BMW-ს სპორტქარი ოთხცილინდრიანი ტურბო და ექვსცილინდრიანი (ერთრიგა) ძრავებით აღიჭურვება.

ახალი Supra-ს გარდა, Toyota ტოკიოს შოუსთვის კიდევ ორ კონცეპტუალურ მოდელს ამზადებს. ერთია S-FR II, რომელიც არის 2015 წლის კონცეპტის ევოლუციური ვარიანტია და გავრცელებული ინფორმაციით, ის GT86-ს მომცრო ვერსია იქნება. მეორე კონცეპტი უნდა იყოს Corolla-ს GTI-ვერსია, რომელიც 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავით (250 ცხ.ძ) აღიჭურვება.