ტოიოტას წყალბადის ავტომობილმა, სახელად „მირაი“, NASCAR-ის რიჩმონდის რბოლისას, უსაფრთხოების ავტომობილის როლი შეასრულა. ამ ფაქტში არაფერი იქნებოდა საკვირველი, რომ არა ერთი გარემოება – ეს ავტომობილი წყალბადის ფიჭური ელემენტებითაა აღჭურვილი და მას მამოძრავებელ ძალას ელექტრო ძრავი ანიჭებს. „მირაიმ“ პელოტონი რბოლის (ტოიოტა ოუნერს) სტარტზე მიაცილა.

რა თქმა უნდა, ასეთი საპატიო მისიის შესრულებამდე, „მირაის“ სრულფასოვანი ტესტები ჩაუტარდა, რათა გარკვეულიყო, შეუძლია თუ არა, ამ მოკრძალებული დინამიკური მახასიათებლების მქონე ავტომობილს, სარბოლო უსაფრთხოების მანქანის როლის შესრულება. ტესტები რიჩმონდის ოვალზე ჩატარდა და მისი დასრულების შემდეგ, წყალბადზე მომუშავე ავტომობილს საჭირო სერტიფიკატი გადაეცა.

„მირაი“ არის ოთხკარიანი, საშუალო ზომის სედანი, რომლის ძალური დანადგარის სიმძლავრეც 153 ცხენის ძალაა. ფიჭურ ელემენტებში, წყალბადსა და ჟანგბადს შორის ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს, რომლის შედეგადაც, ელექტრო ენერგია წარმოიქმნება. ამ პროცესის ერთადერთი თანმდევი პროდუქტი კი მხოლოდ სუფთა წყალია. ასეთი ელემენტებით და ელექტრო ძრავით აღჭურვილ „მირაის“ ადგილიდან ასის აკრეფა დაახლოებით 8 წამში შეუძლია. ავტომობილს წყალბადის ორი ავზი აქვს, რომელთა სრულად შევსებასაც დაახლოებით ხუთი წუთი სჭირდება. ავტომობილის სვლის სიშორე კი თითქმის 500 კილომეტრია.

საინტერესოა, რომ სპეციალურად მომზადებულმა „მირაიმ“ შარშან მონაწილეობა მიიღო იაპონიის რალის ჩემპიონატის ერთ ეტაპზე. ოღონდ, ნულოვანი ეკიპჟის როლი შეასრულა.

„ტოიოტამ“ „მირაის“ წარმოების მოცულობა, მისი სიძვირის გამო შეზღუდა – წლიურად მხოლოდ 400 ცალს დაამზადებს. მაგრამ მასზე შეკვეთების დაწყებიდან მოკლე დროში, ავტომობილზე 1500-ზე მეტი შეკვეთა მიიღო. შეკვეთების შესრულება პირველად შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი შტატ კალიფორნიაში დაიწყება. იქ ავტომობილი 57 500 დოლარი ღირს.