ტოიოტამ დაასრულა მუშაობა სრულიად ახალ, გლობალურ მოდულურ არქიტექტურაზე, რომელიც იაპონურ კომპანიას საწარმოო ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებაში, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებასა და ახალი მოდელების სწრაფად შემუშავებაში დაეხმარება. პლატფორმის სახელია  TNGA – ტოიოტას ახალი გლობალური არქიტექტურა.

უპირველეს ყოვლისა, პლატფორმა TNGA-ს სტრუქტურაში, უფრო მსუბუქი და კომპაქტური ნაწილები შევა, რომლებიც საერთო გახდება ახალი თაობის მოდელებზე. მასზე გამოუშვებენ როგორც წინა, ასევე უკანა ამძრავიან, სხვადასხვა კლასის მოდელებს. ამ პლატფორმაზე ძრავი და ტრანსმისია შედარებით დაბლა განლაგდა, რისი წყალობითაც სიმძიმის ცენტრიც დაბლაა დაწეული. ეს კი მასზე აგებული ავტომობილების მართვას გააუმჯობესებს.

Toyota Launches New TNGA 2

„ტოიოტა“ ასევე ამბობს, რომ პლატფორმა TNGA-ზე თავისუფლად შეძლებენ ჰიბრიდული აგრეგატების განლაგებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მასზე ახალი „პრიუსის“ დამყნობაც არანაირ სირთულესთან არ იქნება დაკავშირებული. გარდა ამისა, 25%-ით გაუმჯობესდება საწვავის ეკონომიურობა, 15%-ით მოიმატებს ავტომობილის შესაძლებლობები. დაკიდევ, ახალი პლატფორმა, თანამედროვე პლატფორმებთან შედარებით, 30-65%-ით ხისტიც იქნება. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ „ტოიოტა“ 2020 წლისთვის თავისი მოდელების თითქმის ნახევარს სწორედ TNGA-ზე ააგებს.

პლატფორმის ფარგლებში, ცალკე სუბ ჩარჩოებზე დამაგრდება სავარძლები, რომელთა განლაგებაც განსხვავებულ სიმაღლეებზე იქნება შესაძლებელი. ამის წყალობით, ამ პლატფორმაზე შესაძლებელი იქნება როგორც სხვადასხვა გაბარიტების სედანების და ჰეჩბეკების, ასევე უგზოობის ავტომობილების და მინივენების აგებაც.

პირველი ახალი ავტომობილი, რომლის საფუძვლადაც „ტოიოტა“ TNGA-ს გამოიყენებს, იქნება საშუალო ზომის წინა ამძრავიანი მოდელი, რომელიც ბაზარზე ამ წლის ბოლოს გამოვა. ამ ეტაპზე, კომპანია მის სახელს არ ამხელს.