ამ კონცეპტუალურ ავტომობილში, რომელიც ტოიოტამ ტოკიოს მოტორ შოუზე წარადგინა, სათაურში ჩამოთვლილი სამივე ტიპის მანქანაა განსახიერებული. შეგვიძლია, ამათ დახურული კვადროციკლიც დავამატოთ. „კიკაი“ ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ავტომობილია მათ შორის, რომელთა ნახვაც ამ გამოფენაზეა შესაძლებელი.

ამ კონცეპტის წარდგენისას, ტოიოტამ განაცხადა, რომ „კიკაი“ უპირველესად, თავისი მექანიკური ნაწილით იქცევს ყურადღებას და მისი ფორმაც ისეთია, რომ სწორედ ამ ასპექტს მივაქციოთ ყურადღება და ამგვარი მიდგომა დროულია იმ დროს, როცა საავტომობილო ინდუსტრია ციფრულ ეპოქაში გადადის.

Toyota-Kikai-5

ავტომობილში წინა პლანზე ელექტრონიკა გადადის, რაც თანდათან მძღოლს ფუნქციებს „ართმევს“. „კიკაი“ კი გვიჩვენებს, საიდან მოდის და რეალურად რა არის ავტომობილი, რაშია მისი მშვენიერება – მექანიკური აგებულება, რომელიც ავტომობილის არსებობის განმავლობაში, შინაარსობრივად არ იცვლება, თუმცა დროთა განმავლობაში, არაერთი მოდიფიკაცია გაიარა და სრულყოფილების ზენიტს მიაღწია.

თითქოს, სწორედ ამის საჩვენებლად, „კიკაის“ ინჟინრებმა დაკიდების სისტემის ცალკეული ელემენტები, მათ შორის ამორტიზატორების სამაგრები, ძარის გარეთ გამოიტანეს. ასევე ღიაა კონცეპტუალური ავტომობილის ძრავი, რომელიც უკან არის მოთავსებული, ტრანსმისია და სხვა მექანიკური ელემენტები და კვანძები. კაბინაც კი ნაწილობრივ გამჭვირვალეა და კარგად ჩანს, რომ იქ სავარძლები 1+2 განლაგებითაა. აქედან ერთი, წინ განლაგებული სავარძელი მძღოლისაა, დანარჩენი ორი კი – მგზავრების და ისინი პირველის გვერდებზე და ოდნავ უკან განლაგდა.

Toyota-Kikai-1

„ტოიოტა კიკაი“ მცირე გაბარიტებითაც გამოირჩევა: მისი სიგრძე 3 400 მილიმეტრია, სიგანე 1 800 მილიმეტრი, სიმაღლე 1 550 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზა 2 450 მილიმეტრია. იაპონური კომპანია ამ კონცეპტის მახასიათებლებს არ აქვეყნებს. შეიძლება მხოლოდ იმის თქმა, რომ ძრავი ოთხცილინდრიანია და მასში ცილინდრები ერთ რიგადაა განლაგებული. წამყვანი კი უკან ბორბლებია.

რა თქმა უნდა, ასეთი ავტომობილი წარმოებას „ტოიოტა“ არ აპირებს…