ლას ვეგასის საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის შოუზე (CES), Toyota-მ თავისი უახლესი კონცეპტუალური ავტომობილი, Concept-i წარადგინა, რომელიც იაპონური კომპანიის სამომავლო ხედვას წარმოადგენს. ეს კონცეპტი Toyota-ს დიზაინის და კვლევის კალიფორნიულ ცენტრშია დამზადებული და მასში ის ტექნოლოგიებია გამოყენებული, რომლებიც კომპანიის სან ფრანცისკოს ინოვაციების ჰაბში შეიმუშავეს.

Concept-i-ს მთავარი თავისებურება, მასში ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტია, რომელსაც შეუძია გამოიცნოს, თუ რა სურთ ავტომობილის მგზავრებს ყველაზე მეტად. მასვე შეუძლია ადამიანის ყოველდღიურობის გამარტივება და როგორც Toyota განმარტავს, „მათი წარმოსახვის გამრავალფეროვნება“.

„ჩვენ, ტოიოტაში ვაღიარებთ, რომ მთავარი ის კი არაა, მომავლის ავტომობილები ასეთი ტექნოლოგიებით აღიჭურვება, თუ არა. Concept-i-ს და მისი ხელოვნური ინტელექტის ჩვენებით, ჩვენ წარმოვადგენთ საკუთარ ხედვას იმისა, რომ მომავლის ავტომობილს, ადამიანებთან ურთიერთობის უნარი შეიძლება ჰქონდეს“, – ამბობს Toyota-ს საავტომობილო ოპერაციების უფროსი ვიცე პრეზიდენტი ბობ კარტერი.

Concept-i-ს მთავარი ნაწილია მძლავრი სისტემა AI, რომელიც ავტომობილის მფლობელთან უშუალო, „ადამიანურ“ ურთიერთობას აყალიბებს და იმავდროულად, სრულად მართავს ავტომობილის ყველა სისტემას. შესაბამისად, ის მძღოლსა და ავრტომობილს შორის ინტელექტუალურ კავშირს აყალიბებს.

ავტომობილი თავად სთავაზობს მძღოლს არჩევანს ხელით მართვასა და ავტონომიურ მართვას შორის. მეორეს არჩევის შემთხვევაში, ავტომობილის კონტროლს სისტემა AI ახორციელებს, რისთვისაც მრავალ მოწინავე ტექნოლოგიას იყენებს. მათი დახმარებით, სისტემა უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს და იმავდროულად, მძღოლთან მუდმივ კავშირს ინარჩუნებს.

სისტემა AI ადამიანთან კავშირისთვის იყენებს ეგრეთ წოდებულ აგენტ, მეტსახელად „იუის“, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მთავარი „პერსონჟია“. ის შუქით, ხმით და შეხებითაც კი ამყარებს ურთიერთობას ადამიანებთან, რომლებსაც ამ ხერხებით, კრიტიკულად აუცილებელ ინფორმაციას აწვდის. „იუის“ წყალობით, ავტომობილის ინტერიერში მაჩვენებლების დაფა პრაქტიკულად არ არსებობს. იქ ვერც ცენტრალურ კონსოლს და ეკრანებს ნახავთ. ჩვეულებრივ ეკრანს ცვლის ეგრეთ წოდბული ჰედ-აპ სამგანზომილებიანი დისპლეი, რომელზეც სისტემა AI-ს ყველა საჭირო ინფორმაცია გამოაქვს.

რა თქმა უნდა, Concept-i მომავლის ავტომობილია, რომლის ბევრი ტექნოლოგია, ადრე თუ გვიან, სერიულ ავტომობილებზე დაინერგება.