მსოფლიოს უდიდესი საავტომობილო და ასევე არასაავტომობილო კომპანიები, ავტონმიური ავტომობილების წარმოების დასაწყებად ემზადებიან. მათ შორისაა „ტოიოტაც“, რომელიც ამ მიმართულებით, შედარებით ნაკლებად ჩანს, თუმცა ინტენსიურად მუშაობს. როგორც იაპონური კომპანია აცხადებს, ბევრი საგზაო ტესტის ჩატარებაა საჭირო მანამ, სანამ ასეთი ავტომობილები მომხმარებლამდე მივა.

უფრო კონკრეტულად, „ტოიოტაში“ მიაჩნიათ, რომ ავტონომიურ ავტომობილებს ტესტებზე დაახლოებით 14.2 მილიარდი კილომეტრი აქვთ გასავლელი, რათა მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს. პარიზის მოტორ შოუზე, „ტოიოტას“ მთავარმა აღმასრულებელმა აკიო ტოიოდამ, თავისი კომპანიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ამ გეგმებს შორისაა თანამშრომლობა Microsoft-თან, რომელიც ისეთ კომპიუტერულ სისტემებს შეიმუშავებს, რომლებსაც „ტოიოტა“ ინფორმაციის ანალიზისთვის და ავტომობილებს შორის ინფორმაციის გაცვლისთვის გამოიყენებს. რა თქმა უნდა, ამავე გეგმებს შორისაა ავტონომიური ტექნოლოგიების შემუშავება და ტესტირება. ტოიოდამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ავტონომიზაციის პროცესში შემუშავდება სისტემები, რომლებიც ცხოვრებას გაუადვილებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მოხუცებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც ავტომობილის ნორმალურად მართვის უნარი არ აქვთ.