ინდივიდუალური ძარების წარმოებაზე სპეციალიზებულმა იტალიურმა კომპანია Touring Superleggera-მ, ჟენევის მოტორ შოუზე, მოდელ Disco Volante-ს (მფრინავი თეფში) ღიაძარიანი ვერსია წარადგინა. კუპეს მსგავსად, Disco Volante Spyder-იც Alfa Romeo-ს სუპერ ავტომობილ 8C-ს ბაზაზე დამზადდა. სხვათა შორის, „ალფამ“ თავის დროზე მხოლოდ 500 ცალი 8C დაამზადა. „ტურნიგ სუპერლეგერა“ კი მხოლოდ 7 ცალი „დისკო ვოლანტე სპაიდერის“ გამოშვებას აპირებს.

touring-superleggera-disco-volante-spider-geneva-3

ისევე როგორც Alfa Romeo 8C-ზე, ამ შემთხვევაშიც ძრავი წინ არის განლაგებული და ის მამოძრავებელ ძალას უკანა ბორბლებს აწვდს. ძრავია 4.7-ლიტრიანი V8, რომელიც 444 ცხენის ძალას და 480 ნიუტონმეტრს ავითარებს. მასთან წყვილში 6-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი მუშაობს. ამ ტანდემის დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 4.5 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კ 291 კმ/სთ-ს აღწევს.

touring-superleggera-disco-volante-spider-geneva-4

Disco Volante-ს დიზაინი, 1952 წელს გამოშვებული Alfa Romeo C52-ს ფორმების შთაგონებითაა შემუშავებული. დამახასიათებელი ფორმების გამო, სწორედ ამ ავტომობილის მეტსახელი იყო „მფრინავი თეფში“. იმის მიუხედავად, რომ Disco Volante Spyder-ი ღია ავტომობილია, მის სალონში ხმაურის დონე ძალიან დაბალი – 24-50 დეციბელის ფარგლებშია.

როგორც ატელიეს დიზაინის შეფი ლუის დე ფაბრიბეკერსი ამბობს, ავტომობილი ისეა შემუშავებული, რომ მისმა მგზავრებმა უსახურავოდ მგზავრობისას მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ. დასაკეცი სახურავი ორი ნაწილისგან შედგება და როცა მოხსნილია, საბარგულში არსებულ სეგმენტში ინახება. და რა თქმა უნდა, ის კარბონის კომპოზიტისგან მზადდება, რისი წყალობითაც, ძალიან მსუბუქია – ორივე მხოლოდ 3.5 კილოგრამს იწონის. ავტომობილის წონა წინა და უკანა ბორბლებს შორის 49-51 პროპორციით არის განაწილებული.

ატელიე Disco Volante Spyder-ის შვიდივე ეგზემპლარს მხოლოდ შეკვეთის შემთხვევაში დაამზადებს. ყოველი შეკვეთის შესრულებას, დონორი 8C Spider-ის მიღებიდან ექვსი თვე დასჭირდება. ფასი ინდივიდუალურია და შემკვეთის მოთხოვნების შესაფერისი იქნება.

touring-superleggera-disco-volante-spyder-geneva-2