რედ ბულის მოტორსპორტის კონსულტანტი, დოქტორი ჰელმუტ მარკო არ გამორიცხავს, რომ ავსტრიული კომპანიის ფარმ გუნდმა „ტორო როსომ“, თავისი ავტომობილები ყვითელ ფერში გამოაწყოს, რითაც ძრავების მიმწოდებელ „რენოს“ მიმართ პატივისცემის და ურთიერთკავშირის გამოხატულება იქნება.

ფორმულა ერთში „რენო“ საკუთარი გუნდით ბოლოს 2010 წელს ვიხილეთ. მაგრამ შემდეგ ფრანგულმა კომპანიამ გუნდზე უარი თქვა და მის ადგილზე აღმოცენებულმა (დაბრუნებულმა) „ლოტუსმა“ თავისი ბოლიდები შავისა და ოქროსფერის კომბინაციაში გამოაწყო. ახლახანს კი ამ გუნდმა „რენოს“ ძრავების ნაცვლად, თავის ავტომობილებზე „მერსედესის“ ძრავები დააყენა.

Petronas-Sponsor

მარკო ამბობს, რომ „რედ ბული“ კვლავაც გააგრძელებს თავისი B გუნდისთვის ტექნოლოგიების მიწოდებას. ამასთან, ის აღიარებს, რომ „რენოსთვის“ „ტორო როსოს“ მიყიდვაც არაა გამორიცხული. სხვა ვარიანტი, იტალიური საჯინიბოს ყვითლად შეღებვაა, რაც ფ1-ში „რენოს“ ჩართულობას უფრო თვალსაჩინოს გახდის.

მარკოს თქმით, „რენო“ მარკეტინგული თვალსაზრისით, ფორმულა ერთში ნაკლებად ჩანს და ამ სიტუაციის შესაცვლელად, „ტორო როსოს“ შესყიდვას, ან მისი მანქანების ყვითლად შეღებვას განიხილავს. ეს მას გაცილებით უკეთეს მარკეტინგულ პლატფორმას შეუქმნის. მეორე შემთხვევაში, ორ გუნდს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.

რაც მთავარია, მარკომ გამორიცხა გავრცელებული ხმები, რომელთა მიხედვითაც, „რედ ბულს“ მალე „აუდი“ 300 მილიონ დოლარად შეისყიდის. მანვე დაადასტურა, რომ „რენოსთან“ კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს იწურება. მისი თქმით, თუ რომელიმე კომპანიას სურს მსოფლიო ჩემპიონატში ძრავების მიმწოდებლის სტატუსით ჩართვა, ახლავე უნდა დაიწყოს საქმე, რადგან სავარაუდოდ, 2017 წლის სეზონიდან ძრავების ახალი რეგლამენტი ამოქმედდება. დაბოლოს, მარკომ გამორიცხა იმის ალბათობა, რომ „რედ ბული“ საკუთარი გუნდისთვის ძრავებს ოდესმე თავად მოამზადებს.

Petronas-Sponsor-Footer