დეტროიტის მახლობლად, ქალაქ პონტიაკის გაუქმებულ სტადიონზე, „ფოლკსვაგენის“ ათასობით ავტომობილი დგას, რომლებიც გერმანულმა კომპანიამ, დიზელგეიტის სკანდალთან დაკავშირებით გამოისყიდა მათი მფლობელებისგან. ყველა მათგანი დიზელის 2.0-ლიტრიანი ძრავებით არის აღჭურვილი. მთავარი კი ისაა, რომ სტადიონის სადგომად გამოყენებას, შესაძლოა ახალი სკანდალი მოჰყვეს.

საქმე ისაა, რომ სტადიონის მფლობელებმა რამდენიმე წესი დაარღვიეს, როცა თავიანთი, თუნდაც უსარგებლო ფართობი, ავტომობილების სადგომად გამოყენების მიზნით გააქირავეს. დარღვეულ კოდებს შორის ერთ-ერთის შესაბამისად, სტადიონის მფლობელებს ფართის გასაქირავებლად, შესაბამისი ლიცენზია სჭირდებათ, რაც მათ არ აქვთ.

ცნობისათვის, სკანდალი დიზელგეიტი ეხება „ფოლკსვაგენის“ წარმოების 2.0-ლიტრიანი TDI ძრავებით აღჭურვილ მოდელებს. საქმე ისაა, რომ ამ ავტომობილების საწვავის ხარჯის საქარხნო მონაცემები არ შეესაბამება რეალურს და საგრძნობლად დაწეულია. რაც მთავარია, მათი ეკოლოგიური ტესტების ჩატარებისას, რეალური მაჩვენებლების დაფარვას, ელექტრონიკის სპეციალური ფუნქცია უზრუნველყოფდა. სკანდალის გამო, გერმანულ კომპანიას შეერთებულ შტატებში დაახლოებით 475 000 ასეთი ავტომობილის გამოსყიდვა უწევს. ეს პროცესი შარშან დაიწყო და გამოსყიდული ავტომობილებისთვის, „ფოლკსვაგენს“ ამერიკაში უკვე რამდენიმე მსგავსი სადგომი აქვს მოწყობილი.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დიზელგეიტი „ფოლკსვაგენის“ და მის ჯგუფში შემავალი კომპანიების მიერ გამოშვებულ დაახლოებით 11 მილიონ ავტომობილს ეხება. ეს კი გერმანულ კომპანიას დაახლოებით 15 მილიარდი დოლარი დაუჯდება.