თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჯერემი კლარკსონმა და მისმა თანაწამყვანებმა, ჯეიმს მეიმ და რიჩარდ ჰამონდმა BBC და მისი გადაცემა Top Gear-ი დატოვეს. მას შემდეგ, ბრიტანულმა მაუწყებელმა პოპულარული გადაცემის აღდგენა სცადა, მაგრამ წარუმატებლად. კლარკსონმა და კომპანიამ კი Amazon Prime-ის სარფიანი შეთავაზება მიიღეს და ეთერისთვის ახალ გადაცემას, The Grand Tour-ს ამზადებენ.

კონტრაქტი სამწლიანია. პირველი გადაცემები უკვე ჩაწერილია. სულ 36 ეპიზოდის ჩაწერა იგეგმება. გადაცემები ყოველ პარასკევს გავა Amazon Prime-ის ეთერში. გადაცემის 12 თვით გამოწერა ტელემაყურებელს 79 გირვანქა სტერლინგი დაუჯდება. წინასწარი ინფორმაციით, ახალ გადაცემის ფორმატი, პრაქტიკულად ძველის მსგავსია, მცირე ცვლილებებით. პირველი გადაცემა ეთერში 18 ნოემბერს გავა.

g-tour

სხვათა შორის, განახლებული Top Gear-იც, ეთერში დაბრუნების შემდეგ, ძველი ფორმატით გავიდა, მაგრამ ძველი წამყვანების გარეშე, სრული ფიასკო განიცადა. ახალი Grand Tour-ი არ იქნება დიდად განსხვავებული. მითუმეტეს, მისი მთავარი წამყვანი ისევ კლარკსონი იქნება, რომელსაც სიუჟეტების გაშლაში ისევ მეი და ჰამონდი დაეხმარებიან.

საინტერესოა, რომ Top Gear-ის ახალი ფორმატი, გადაცემაში ჰოლივუდის ვარსკვლავების მიწვევასაც გულისხმობდა. მაგალითად, პირველ გადაცემაში მიწვეული იყო ბრედ პიტი, მაგრამ მოუცლელობის გამო, მან ბოლო მომენტში უარი განაცხადა. ის ჯესი აიზენბერგს შეუცვლია, რომელიც აშკარად არაა პიტის დონის ვარსკვლავი. თუმცა, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მიწვეული ვარსკვლავები გადაცემას ვერ უშველიდნენ. მისი მთავარი ნაკლი, კლარკსონის დონის ქარიზმატული წამყვანის არყოლაა.

ცნობისათვის, მოპირდაპირე მხარეს, ანუ Grand Tour-საც ეყოლება პირველი დონის ვარსკვლავები. კლარკსონი მეტ დეიმონს და შარლიზ ტერონს უმასპინძლებს. პირველ სეზონში, ამ კალიბრის სხვა ვარსკვლავებიც იქნებიან. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ კლარკსონის ახალ გადაცემას, პოპულარობის მოსაპოვებლად ეს სულაც არ სჭრირდება…