Tesla Motors-ის დამფუძნებელი ელონ მასკი დაუღალავად იბრძვის იმისათვის, რომ გარემოს დაბინძურების შემცირებას შეუწყოს ხელი. ელექტრომობილების მწარმოებელი მისი კომპანია, ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯია. ის არამხოლოდ ნულოვან გამონაბოლქვის ავტომობილებს აწარმოებს, არამედ, მათი წარმოების ციკლიც განახლებად ენერგიაზე გადაჰყავს.

ის თავისი კომპანიის ყველა კლიენტს, მის ავტოგასამართ სადგურებზე ელექტრო ენერგიას უფასოდ სთავაზობს. თან ამ ენერგიას მეტწილად მზისგან მოიპოვებს. თავისი გიგა-ქარხნის ენერგოუზრუნველყოფაც მზის და ქარის ენერგიაზე აქვს.

ეს სარეკლამო ვიდეორგოლი კი ელექტრული ამძრავი სისტემბისადმი იმ ადამიანებსაც კი აღუძრავს სიმპათიას, ვისზეც ამბობენ, ძარღვებში სისხლის ნაცვლად ბენზინი უჩქეფსო. მითუმეტეს, ვიდეორგოლს თან გასდევს ლეგენდარული გამომგონებლის, ნიკოლა ტესლას სიტყვები, რომლებითაც ის კაცობრიობას სუფთა, ელექტრული ტრანსპორტით სარგებლობას უწინასწარმეტყველებს. სულაც არაა გასაკვირი, რომ მასკმა თავისი კომპანიისთვის სახელად სწორედ „ტესლა“ აირჩია. ნიკოლა ტესლა ხომ ის ადამიანია, ვინც ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში პროგნოზირებდა საყოველთაო ელექტრიფიკაციას. მასკის კომპანია სწორედ ამ გზას მიჰყვება.

სარეკლამო ვიდეორგოლი ძალიან ორიგინალურად გვიჩვენებს ელექტრიფიკაციის ნათელ მომავალს. ავტომობილი შავ-თეთრ გარემოში, სადაც გამონაბოლქვის მეტი არაფერია გადადის ფერად სამყაროში. სიმბოლურად Tesla Motors-ი სწორედ ამას გვთავაზობს – შევცვალოთ დაბინძურებული გარემო ფერადოვნებით და ნათელით. ამაში კი, როგორც ნიკოლა ტესლას ხმა გვახსენებს, ელექტრიფიკაცია დაგვეხმრება…