ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია ტესლა, მყიდველთა და კლიენტთა წახალისების ახალ აქციას იწყებს, რომელიც კომპანიისთვის ახალი მყიდველების მომყვან პირებს, ახალი ავტომობილით (ქროსოვერ „მოდელ X-ით“) დასაჩუქრებასაც კი პირდება. ამის შესახებ, თვით „ტესლა მოტორსის“ დირექტორმა ელონ მასკმა განაცხადა.

რეფერალური პროგრამის საწყისი ეტაპი, „ტესლა მოდელ S-ის“ მფლობელთა მიერ, ამ ავტომობილით სხვა მყიდველის დაინტერესებაა. ამ შემთხვევაში, მომწვევი კომპანიისგან 1000 დოლარის უფასო მომსახურებას მიიღებს. ამაში შედის როგორც აქსესუარების შეძენა, ასევე მომსახურებაც. შესაძლებელია ამ თანხის სპეციალურ ბარათზე დაგროვება. რეკომენდაციით მისულ მყიდველს კი ავტომობილს 1000 დოლარით იაფად მისცემენ.

გარდა ამისა, თუ „ტესლას“ ავტომობილის მფლობელი, კომპანიას ხუთ ახალ მყიდველს შესძენს, თანხის გარდა, კომპანიის გიგაქარხანაში უფასო ექსკურსიაც ერგება. „ტესლა“ამ ქარხანას „პანასონიკთან“ ერთად აშენებს და მალე იქ ლითიუმ-იონური ელემენტების წარმოება დაიწყება. მომავალში კი იქ „ტესლა“ თავისი ელექტრომობილების წარმოებას გადაიტანს.

ის, ვინც კომპანიაში 10 ახალი მყიდველის მოზიდვას შეძლებს, 20 000 დოლარით დასაჩუქრდება. უფრო სწორედ, ამ თანხის შეღავათს მიიღებს ქროსოვერ „მოდელ X-ის“ შეძენის შემთხვევაში. ეს ავტომობილი ბაზარზე შემოდგომაზე გამოვა. უფრო მეტიც, მასკი პირობას იძლევა, რომ თუ ვინმე თავის შტატში „ტესლას“ 10 ახალ მყიდველს პირველი მოუყვანს, ის საჩუქრად ახალ „მოდელ X-ს“ მიიღებს.

„ტესლას“ ეს აქცია დღეს, 1 აგვისტოს დაიწყო და 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება. თუმცა მასკი არ გამორიცხავს, რომ წარმატებულობის შემთხვევაში, აქცია უფრო დიდხანს გაგრძელდება.