ფრანკფურტის მოტორ შოუზე, რომელიც სექტემბერში გაიმართება, „აუდი“ კონცეპტუალურ ელექტრულ ქროსოვერს წარადგენს. როგორც კომპანიის ინკოგნიტო წარმომადგენელემა გამოცემა „ავტომოტივ ნიუსს“ აცნობა, ახალი ავტომობილი, მოდულურ პლატფორმა MLB-ს მეორე თაობაზე აიგება და ის ექსტრემალურ აეროდინამიკურ სტილში შესრულდება.

ახალი სტილი უნიკალური იქნება ახალი კონცეპტისთვის და შესაძლოა, მისი სახით, ინგოლშტადტელებმა, ამ ტიპის ძალური დანადგარებით აღჭურვილი მომავალი ავტომობილების გარეგნობა გვიჩვენოს. ისე კი, ახალი კონცეპტის სერიული ვერსია, მომავალში პლაგ-ინ ჰიბრიდული და წყალბადის ფიჭურელემენტიანი დანადგარებითაც აღიჭურვება.

შანჰაიში გამოსვლისას, „აუდის“ კვლევისა და განვითარების შეფმა ულრიხ ჰაკენბერგმა განაცხადა, რომ მისი კომპანია წარმოებისთვის ახალ სპორტულ ქროსოვერს (SAV – სპორტ ექტივიტი ვიიქლ) ამზადებს, რომელიც ბაზარზე 2018 წელს გამოვა. ჰაკენბერგის თქმით, ელექტრულ რეჟიმში, ავტომობილის სვლის სიშორე 500 კილომეტრს მიაღწევს.

უფრო მეტიც, ჰაკენბერგი ამბობს, რომ ახალი ავტომობილი ბაზარზე კონკურენციას, „ტესლას“ ელექტრულ ქროსოვერ „მოდელ X-ს“ (რომელიც ჯერ არ გამოსულა) და „პორშეს“ და „ბეემვეს“ ელექტრულ და პლაგ-ინ ჰიბრიდულ მოდელებს გაუწევს, რომლებსაც ეს ორი კომპანია ასევე მომავალში გამოუშვებს.

ქროსოვერს, რომლის ფოტო ტიზერიც „აუდიმ“ ოფიციალურად გაავრცელა, სრულიად ახალი დიზაინი ექნება და მას გერმანული კომპანია სწორედ თავისი ელექტრომობილებისა და პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილებისთვის გამოიყენებს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ავტომობილის სახელი Q6 იქნება.