ცნობილია, რომ Tesla Model S-ის ტოპ ვერსია P100D-ს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 2.5 წამში შეუძლია, რითაც ბევრი სუპერ ავტომობილიც კი ვერ დაიკვეხნის. თუმცა ამერიკულმა კომპანიამ ამ ავტომობილის ახალი, სარბოლო ვერსია შეიმუშავა, რომელსაც კიდევ უფრო სწრაფად აჩქარება შეუძლია.

მისი პრემიერა ბირმინგემში, ჟურნალ Autosport-ის საერთაშრისო შოუზე გაიმართა. ის სპეციალურად სარბოლო სერია „ელექტრიკ GT-სთვის“ არის შექმნილი. სერიაში მხოლოდ სარბოლოდ მომზადებული Tesla Model S P100D-ები მიიღებს მონაწილეობას, რომელთა სიმძლავრე 778 ცხენის ძალაა, რაც Ferrari F12 TdF-ის და Lamborghini Aventador S-ის 6.0 და მეტლიტრიანი V12 შიდაწვის ძრავების სიმძლავრეზე მეტია.

გამოცემა Motor1.com იტყობინება, რომ სარბოლო სედანი საგზაო ვერსიაზე დაახლოებით 500 კილოგრამით მსუბუქია. სიმძლავრის ზრდის და წონაში კლების წყალობით, სტანდარტულ აჩქარებას ის 2 წამში ასწრებს. ამაში კი Pirelli-ს მიერ სპეციალურად შემუშავებული საბურავები ეხმარება. გარდა ამისა, ავტომობილს უფრო ხისტი საკიდარი, დახვეწილი აეროდინამიკა (და მისი წყალობით, გზასთან გაზრდილი ჩაჭიდება) და რა თქმა უნდა, სარბოლოდ გაწყობილი კაბინა აქვს, სადაც მხოლოდ ერთი, სარბოლო სავარძელი განლაგდა.

20 ასეთ ავტომობილს რბოლებში 10 გუნდი გამოიყვანს. ახალი (ელექტრონული) სარბოლო სერია პირველად წელს ჩატარდება. მის კალენდარში 7 ეტაპია შეტანილი, რომლებიც 20-წუთიანი პრაქტიკისგან, 60-წუთიანი კვალიფიკაციისგან და ორი რბოლისგან შედგება. ამათგან ერთი დღის შუქზე ჩატარდება, მეორე კი – შებინდებისას. ყოველი რბოლის დისტანცია 60 კილომეტრი იქნება.