ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Tesla Motors-ი, თავის მორიგ სიახლეს, სედან Model 3-ს, პირველად მარტში გაგვაცნობს. ცნობილია, რომ კომპანიის აღმასრულებელი ელონ მასკი, ამ ავტომობილს BMW-ს მე-3 სერიის კონკურენტად მოიაზრებს. ამასთან, Tesla პირველ ჩვენებაზე ამ ავტომობილის სრულფასოვან პრემიერას არ გეგმავს.

მასკი ამბობს, რომ Model 3-ის წარდგენა ეტაპობრივად მოხდება, როგორც ეს უგზობის Model X-ის შემთხვევაში იყო. მისი თქმით, მარტის ბოლოს პირველი ფოტოების გამოქვეყნება იგეგმება. მასკის თქმით, ბაზარზე გამოსვლამდე, ამ ავტომობილის შესახებ სრულ ინფორმაციას არ გამოაქვეყნებს. მოსალოდნლია, რომ Model 3-ის გაყიდვები 2017 წელს დაიწყება, თუმცა არაა გამორიცხული, რომ დებიუტმა 2018 წლისთვის გადაინაცვლოს.

ამ ეტაპზე, Model 3-ის მახასიათებლები უცნობია. სავარაუდოდ, ეს ავტომობილი ადგილიდან ასის აკრეფას დაახლოებით 4.0 წამში შეძლებს. მაგრამ უფრო მთავარი, მისი სვლის სიშორე და დამუხტვის დროა. მასკს ადრე ნთქვამი აქვს, რომ მესამე მოდელი ერთი სრული დამუხტვით 320 კილომეტრის გავლას შეძლებს, მისი ელემენტების სრული დამუხტვა კი სულ რაღაც, 25 წუთში იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, ეს ავტომობილი Model S-ზე თითქმის 20 პროცენტით მსუბუქიც იქნება.

მასკის კიდევ ერთი მიზანი, ხელმისაწვდომი ელექტრომობილების წარმოებაა. ცნობილია, რომ ტექნოლგიების სიძვირის გამო, ელექტრომობილები შესაბამის შიდაწვისძრავიან ავტომობილებზე 1.5-2.0-ჯერ ძვირია. ამ მხრივ, „მესამე მოდელი“ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი უნდა გახდეს – მისი ფასი 35 000 დოლარი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ეს მიზანი აქვს დასახული მასკს.