Tesla-მ კიდევ ერთი რევოლუციური ავტომობილი გამოუშვა – Model 3, ელექტრომობილი, რომელიც ბევრი რამითაა გამორჩეული. მათ შორის კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მინიმალისტურ სტილში შესრულებული ინტერიერია. იქ სავარძლების, საჭის და პედლების გარდა, მხოლოდ ერთ, 15-დუიმიან სენსორულ ეკრანს ნახავთ, რომელიც ცენტრალური კონსოლის თავზე განლაგდა.

„ტესლამ“ სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, საჭის რგოლზე გადამრთველებიც კი არ გადაიტანა. ყველა ფუნქცია ეკრანს აქვს შეთავსებული. საჭეზე მხოლოდ ორი ტუმბლერი მოთავსდა. საქარე შუშაზე საპროექციო ეკრანიც კი არ არის, რაც თანამედროვე ავტოინდუსტრიაში ერთგვარ (საჭირო) მოდად იქცა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „მოდელ 3-ის“ სალონში არ იქნებოდა ჩვეულებრივი მაჩვენებლების დაფა, „ტესლამ“ ადრევე გაავრცელა, თუმცა ასეთი რამ წარმოუდგენლად ჩანდა. და აი, ილონ მასკმა პირველ მყიდველებს, რომლებიც მისი კომპანიის თანამშრომლები არიან, ელექტრული სედანის პირველი ეგზემპლარები გადასცა და გამოჩნდა, რომ დანაპირები შესრულებულია. შეიძლება ითქვას, გადაჭარბებითაც.

ამერიკული კომპანიის დიზაინის შეფი ფრანც ფონ ჰოლცჰაუზენი ამბობს, რომ Model შედარებით პატარა ავტომობილია და მის ჯგუფს სურდა, რომ ინტერიერი რაც შეიძლება, მოზრდილი ყოფილიყო. ამიტომ სალონი „ზედმეტი“ ელემენტებისგან გაათავისუფლეს. ასეთი მინმალიზმის გამო, „ტესლას“ ბევრი აკრიტიკებს, თუმცა ფონ ჰოლცჰაუზენი დასძენს, რომ სალონის სიმარტივე, მძღოლს მართვაზე კონცენტირებაში ეხმარება. გარდა ამისა, „მოდელ 3-ის“ ეკიპირება გათვლილია იმაზე, რომ ავტომობილმა სრულად ავტონომიურ რეჟიმში მუშაობა შეძლოს.