Tesla Motors-ის დამაარსებელმა და აღმასრულებელმა ელონ მასკმა გამოაცხადა, რომ თავის უახლეს ელექტრომობილ Model 3-ზე, რომლის წარმოებაც მომავალ წელს დაიწყება, ერთი წლის სამყოფი შეკვეთები უკვე მიღებული აქვს. ამიტომ ახალი შეკვეთების მიღებას 2018 წელს დაიწყებს. უფრო ადრე კომპანიის ვებ გვერდზე ეწერა, რომ ახალი ავტომობილის მიწოდება 2018 წლის ზაფხულში დაიწყებოდა, თუმცა მასკის მიერ ტვიტერით გავრცელებული განცხადების შემდეგ, საიტზე ინფორმაცია გასწორდა.

საინტერესოა, რომ ამერიკულ კომპანიას Model 3-ის სერიული ვერსია ჯერ არც კი წარმოუდგენია. ასეა თუ ისე, მისი წარმოება 2017 წლის ზაფხულში უნდა დაიწყოს. შემკვეთებისთვის მიწოდება კი 2017 წლის ბოლოდან იგეგმება. მართალია, Model 3-ის წარმოება ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ის კომპანიისთვის უკვე ყველაზე გაყიდვად ავტომობილად შეიძლება ჩაითვალოს. საქმე ისაა, რომ მასზე უკვე 276 000 შეკვეთაა გამოწერილი. ამ ტირაჟის ჯამური ფასი 14 მილიარდ დოლარზე მეტია.

ახალ ავტომობილს Tesla Motors-ი თავის გიგა-ქარხანაში გამოუშვებს, სადაც ასევე წლიურად ნახევარი მილიონი ელემენტების ბლოკის წარმოებაც იგეგმება. სავარაუდდ, აქ გამოშვებული ელემენტების უმეტესობას, კომპანია Model 3-ისთვის გამოიყენებს. მასკი ამბობს, რომ ამ ელექტრომობილზე მოთხოვნის მაქსიმალურად სწრაფად დასაკმაყოფილებლად, გიგა-ქარხნის საწარმოო სიმძლავრის გაზრდას აპირებს.

ამერიკულმა კომპანიამ Model 3-ის კონცეპტუალური პროტოტიპი აპრილში წარმოადგინა, თუმცა მისი მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია ჯერაც არ გაუვრცელებია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ პატარა სედანს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა დაახლოებით 6 წამში შეუძლია. Model 3-ის საბაზო ფასი 35 000 დოლარი იქნება.