Tesla-ს მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ელონ მასკი დარწმუნებულია, რომ მისი კომპანიის უახლესი ელექტრომობილი Model 3, თავის მფლობელებს ტექნიკური პრობლემებით იშვიათად შეაწუხებს. მისი თქმით, ახალი ძალური დანადგარები, რომლებითაც Model 3 არის აღჭურვილი, მომსახურებებს შორის მილიონ მილზე მეტის გავლა შეუძლია.

რა თქმა უნდა, ის არ გულისხმობდა ისეთ მომსახურებებს, როგორებიცაა მუხრუჭების და საბურავების შეცვლა. ამათი ერთი კომპლექტით მილიონი მილის (1.61 მილიონი კილომეტრი) გავლას ზღაპარშიც ვერავინ შეძლებს. მასკი გულისხმობს, რომ „მოდელ 3-ზე“ ასეთი გამძლეობით ელექტრო ძრავი და ელემენტების ბლოკი გამოირჩევა.

ყოველივეს მიუხედავად, ამერიკის ბაზარზე Model 3 ოთხწლიანი გარანტიით იყიდება. ამასთან, ელემენტებზე გარანტია 8 წელია. მართალია, მასკი მყიდველს მისი ავტომობილების იშვიათი სერვისით ხიბლავს, მაგრამ ამის მიუხედავად, მთელს მსოფლიოში საკუთარი სერვის ცენტრების ქსელის გაფართოებას იწყებს. უფრო მეტიც, მალე კომპანია თავისი ავტომობილების მყიდველს, სახლში მომსახურებასაც შესთავაზებს.

Model 3-ის სტანდარტული ვერსიის ფასი 35 000 დოლარია, ოღონდ ამას შეღავათები (სხვადასხვა ქვეყანაში და შტატში განსხვავებული) აკლდება. EPA-ს (აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტო) შეფასებით, Model 3-ს ერთი სრული დამუხტვით 354 კილომეტრის გავლა შეუძლია. 9 ათასი დოლარით ძვირი ღირს ვერსია, რომელიც ერთი დამუხტვით 498 კილომეტრს გადის.

ყველაფერთან ერთად, Tesla Model 3 ეკიპირებულია ელექტრონული სისტემებით, რომლებიც სრულად ავტონომიური ავტომობილისთვის არის საჭირო. მათ შორისაა 8 კამერა, 12 ულტრაბგერითი სენსორი და რადარი.