Tesla-ს შეფმა ილონ მასკმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაზარზე Model Y-ის გამოშვების შემდგ, მისი კომპანია ელექტრული პიკაპის გამოშვებაზეც იზრუნებს. ამერიკულ კომპანიას ჯერაც უჭირს კომპაქტურ სედან Model 3-ის გაყიდვების გაზრდა, თუმცა სამომავლო გეგმების შეცვლას მაინც არ აპირებს.

რაც შეეხება ელექტრულ ქროსოვერ Model Y-ს, ის საშუალო კლასის ქროსოვერ Model X-ის მომცრო ვარიანტი იქნება. ამ შემთხვევაში, Tesla ორიგინალური არ იქნება და იმავე გზას გაივლის, რაც Model S-ის და Model 3-ის (მეორე აქაც პირველის მომცრო ვარიანტია) შემუშავებისას გაიარა. Model Y-ს აქვს იმის რეალური პოტენციალი, რომ კომპანიის ყველაზე გაყიდვადი მოდელი გახდეს.

მასკი კი, რომელსაც ავტომობილების გარდა, ინტერესი კოსმოსური ტურიზმის და გადაზიდვების ბიზნესსა და ახალი ტიპის სატრანსპორტო საშუალებების შემუშავებაზეც აქვს მომართული, Tesla-ს იმ მოდელებზეც ფიქრობს, რომელთა შემუშავებაც (სავარაუდოდ) ჯერ დაწყებულიც არ არის. სწორედ ასეთია პიკაპი.

მასკმა ელექტრული პიკაპის ესკიზები მაშინ წარმოადგინა, როცა საავტომობილო სამყაროს სატვირთო Tesla Semi გააცნო. გარეგნულად ის ძიერ ჰგავს სატვირთოს. რა თქმა უნდა, გაბარიტებში მასთან ახლოსაც ვერ მივა, თუმცა ესკიზის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ პიკაპი საკმაოდ დიდი იქნება იმისათვის, რომ ქროსოვერი „მოიგდოს ზურგზე“. თუმცა უკვე გავრცელდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ რეალობაში, ელექტრულ პიკაპს ასეთ დიდს არ გააკეთებენ და ის დაახლოებით Ford F-150-ის ტოლი იქნება.

ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში მასკი წერს, რომ პიკაპზე უკვე ხუთი წელია ფიქრობს და ამ პროექტს, „რომ მოკვდეს მაინც განახორციელებს“.