როგორც კომპანია Tesla Motor-ის ერთ-ერთი ვებგვერდი იტყობინება, მის მიერ გაყიდულ ელექტრომობილებს ჯამში უკვე 3.5 მილიარდ მილზე (5.6 მილიარდ კილომეტრი) მეტი აქვთ გავლილი. ამერიკულმა კომპანიამ ამ შედეგს 9 წელიწადში მიაღწია. უფრო მეტიც, 2008 წლიდან მხოლოდ ელექტრულ მოდელ Roadster-ს აწარმოებდა, რომელიც ცოტა იყიდებოდა.

მაგრამ 2012 წელს ბაზარზე სედანი Model S გამოვიდა, რასაც გაყიდვების ზწრაფი ზრდა მოჰყვა. შესაბამისად, Tesla-მ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და ავტოინდუსტრიის ნამდვილი ჰიტი გახდა. ამას ხელი იმ გარემოებამაც შეუწყო, რომ შეერთებულ შტატებში (რომელიც „ტესლას“ ძირითადი ბაზარია) და ევროპაში, სწრაფად დაიწყო განვითარება დასამუხტი სადგურების ქსელმა.

რა თქმა უნდა, ამის ზუსტი გამოთვლა პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ Model S-ის წარმოების დაწყებიდან სამი წლის შემდეგ დაფიქსირდა, რომ Tesla-ს მიერ გაყიდულმა ავტომობილებმა ჯამში პირველი მილიარდი მილი გაიარეს. ეს 2015 წლის ივნისში მოხდა. აქედან წელიწადნახევარში. „ტესლას“ ელექტრომობილებმა ჯამში ორ მილიონ მილზე მეტის გავლა მოასწრეს. აქედან ბოლო 500 მილიონ მილს (800 მილიონ კილომეტრზე მეტია) სულ სამი თვე ეყო.

ამჟამად მთელს მსოფლიოში, Tesla-ს მიერ წარმოებული 200 000-ზე მეტი ელექტრომობილი გადაადგილდება, რომლებიც დღეში ათეულობით მილიონ მილს გადიან. სხვათა შორის, ეს ავტომობილები გადაადგილებისას ყველანაირ მონაცემებს აგროვებენ, რომლებსაც შემდგომში Tesla თავისი ავტონომიური პროგრამებისთვის გამოიყენებს. მალე ბაზარზე Model 3 გამოვა, რაც Tesla-ს გაყიდვებს მნიშვნელოვნად გაზრდის.