TCR-ის საერთაშორისო სერიის 2017 წლის სეზონის პირველ ეტაპზე, რომელსაც რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკმა უმასპინძლა, პირველ რბოლაში გამარჯვება დათა ქაჯაიამ მოიპოვა. მან სტარტიდან ფინიშამდე შეინარჩუნა კვალიფიკაციაზე მოპოვებული მოწინავე პოზიცია და მდევრებთან დაძაბულ პაექრობაში, პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი.

მართალია, დათას ავტომობილი ჯერ იმდენად სწრაფი არაა, რომ პირველივე რბოლაში გამარჯვებაზე გვეფიქრა, მაგრამ დათას მიერ მოპოვებულმა პოულმა და წვიმიანმა ამინდმა, ეს უარყოფითი ჰანდიკაპი მეტნაკლებად დააბალანსა. თანაბარ პირობებში კი დათამ ის საქმე გააკეთა, რაც კარგად ეხერხება.

რბოლის დასაწყისში, ქაჯაიამ ადვილად შეძლო დაწინაურება და მეოთხე წრისთვის უახლოეს მდევარ ატილა ტაშის უკვე ორ წამზე მეტს უგებდა. თავის მხრივ, უნგრელს მისი თანამემამულე ფერენც ფიჩა ავიწროებდა, რომელსაც მეორე წრიდან კვალში მოქმედი ჩემპიონი სტეფანო კომინი ჩაუდგა. შვეიცარიელმა სტარტი მეექვსე პოზიციიდან აიღო, მაგრამ პირველივე მოსახვევში თავის ყოფილ თანაგუნდელ ჟან-კარლ ვერნეის კონტაქტით გაუარა, შემდეგ კი რობერტო კოლჩიაგოც ზედ მიაყოლა.

მე-6 წრეზე ფიჩამ ტაშის გაასწრო, რომელიც ერთი წრის შემდეგ კომინიმაც ჩამოიტოვა. ამ დროს ქაჯაიას ლიდერობა რამდენიმე ათეული მეტრის სხვაობით იყო „დაცული“, მაგრამ მალე ჩვენებურის ტემპი აშკარად დაეცა, რითაც ფიჩამ კარგად ისარგებლა და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. სწორ მონაკვეთებზე დათა გზის სველ მხარეზე გადადიოდა, რათა საბურავები გაეგრილებინა. ეს კი აშკარა ნიშანი იყო იმისა, რომ მას პრობლემები ჰქონდა.

მოგვიანებით ეს მოგვიანებით დადასტურდა, როცა სახელდახელო ინტერვიუსას დათამ განაცხადა, რომ წინა ბორბლების მდგომარეობა მე-6 წრიდან გაუარესდა. მე-10 წრიდან მოყოლებული, დათას უპირატესობა წამზე ნაკლები იყო, რაც ფიჩას შეტევის შანსს აძლევდა. მე-13 წრეზე, პირველ ოთხეულს შორის სხვაობა წამზე ნაკლები გახდა. ბოლოსწინა წრის მეორე S-მოსახვევში შესასვლელში, დათასა და ფიჩას შორის მცირე კონტაქტი მოხდა – უნგრელი ჩვენებურს უკნიდან ოდნავ დაეჯახა, თუმცა დათამ შეძლო პოზიციის შენარჩუნება და მეტოქისთვის მეტი შეტევის შანსი აღარ მიუცია.

TCR-ის რეგლამენტის შესაბამისად, მეორე რბოლას პირველი რბოლის მოწინავე ათეული, რევერსული განლაგებით იწყებს. სწორედ ამის გამო, ქაჯაიამ სტარტზე მე-10 პოზიცია დაიკავა. ამჯერად რბოლა გამშრალ ტრასაზე ჩატარდა და ყველა მანქანა სლიკებზე დადგა. ბოლო პოზიციის დაკავება მოუხდა კომინის, ვისაც პირველი რბოლის დასრულების შემდეგ, ვერნეი დაეჯახა და მანქანა დაუზიანა. მისი რემონტი კი დროულად ვერ მოესწრო და შვეიცარიელსაც ბოლო პოზიცია „მიესაჯა“.

პირველ წრეზე, პირველივე მოსახვევში „ჯულიეტათი“ მოასპარეზე შოთა აფხაზავა მატ’ო ჰომოლას დაეჯახა, რომელიც დატრიალდა და გაჩერდა. ამის გამო, ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. რბოლა მე-4 წრეზე განახლდა და პეპე ორიოლამ და უგო ვალენტემ მაშინვე შეძლეს დანარჩენების ჩამოტოვება. „ლუკოილ კრაფტ-ბამბუს“ პილოტებმა მალე სოლიდური ჰანდიკაპი შექმნეს და ფინიშამდე ახლოს არავინ გაიკარეს. ქაჯაიას ფიჩამ მე-5 წრეზე მე-9 ადგილისთვის ბრძოლაში გაასწრო, მერე კი რამდენიმე მეტოქეც ჩამოიტოვა, თუმცა დუშან ბორკოვიჩის დევნისას შეცდა და ჯეიმს ნეშმა და რობერტო კოლჩიაგომ გაასწრეს. მე-15 წრეზე უნგრელი კოლჩიაგოის დაეჯახა და რბოლას გამოეთიშა. ერთი წრის შემდეგ, ქაჯაიამ ჯანი მორბიდელი ჩამოიტოვა და მერვე ადგილზე გადაინაცვლა.

ორიოლამ თავისი ტრადიცია არ დაარღვია და TCR-ის საერთაშორისო სერიის მესამე სეზონის საწყის ეტაპზეც შეძლო ერთი რბოლის მოგება. მართალია, „ლუკოილ-კრაფტ-ბამბუს“ პილოტებმა ფინიშის ხაზი-პირველ-მეორე ადგილებზე გადაკვეთეს, მაგრამ რბოლის შემდგომ, სტიუარდებმა დაადგინეს, რომ ვალენტემ პირველ წრეზე ჯაკომო ალტოეს მაშინ გაასწრო, როცა ყვითელი დროშები ფრიალებდა. მსგავსი ეჭვი მათ ორიოლას მიმართაც ჰქონდათ, თუმცა კატალონიელმა იმავე ალტოეს გასწრება ყვითელ ალმებამდე მოასწრო. ვალენტე 30-წამიანი ჯარიმით დაჯარიმდა, რამაც მეორეადნ მეცხრე ადგილამდე დააქვეითა. სტიუარდებმა მსგავსი ჯარიმა კოლჩიაგოსაც გამოუწერეს, რომელმაც ბოლო წრეზე, ჯეიმს ნაშს ყვითელ ალმებზე გაასწრო. იტალიელი ამის გამო, მეექვსე ადგილიდან მეთორმეტემდე ჩამოქვეითდა.

ორი რბოლის ჯამში, პილოტთა კლასიფიკაციას სათავეში ქაჯაია ჩაუდგა, რომელსაც 38 ქულა აქვს. მას ექვსი ქულით ჩამორჩება ტაში, რომელმაც მეორე რბოლა მესამეზე კი დაასრულა, მაგრამ ვალენტეს დაჯარიმებამ მეორემდე დააწინაურა. 31 ქულით მესამეზე ორიოლაა.