TCR-ის საერთაშორისო სერიის მე-7 ეტაპს სოჭის ოლიმპიურმა ავტოდრომმა უმასპინძლა, სადაც დღეს ორი რბოლა გაიმართა. სერიის ქართველ მონაწილე დათა დათა ქაჯაიასთვის ეს ეტაპი საკმაოდ წარუმატებელი გამოდგა. უფრო სწორედ, ცუდი კვალიფიკაციების შემდეგ, მან ორივე რბოლაში საგრძნობლად წინ წაიწია, მაგრამ მეორე რბოლის შემდეგ, ის საჯარიმო დროით დასაჯეს, რის გამოც, უქულოდ დარჩა.

სოჭის ეტაპის წინ, TCR-ის ტექნიკურმა კომისიამ „ფოლკსვაგენს“ თავისი სარბოლო ავტომობილის 10 მილიმეტრით დაბლა დაწევის და ამით, სიმძიმის ცენტრის დადაბლების უფლება მისცა, მაგრამ ამან ავტომობილის სხვა პარამეტრების შეცვლაც მოითხოვა, რასაც გუნდ „ენგსტლერის“ ინჟინრებმა დროულად ვერ გაართვეს თავი. ამის გამო, კვალიფიკაციაზე ქაჯაიამ თავისი შესაძლებლობების გამოვლენა ვერ მოახერხა. ორივე სესია მან მე-12 შედეგით დაასრულა.

TCR series Sochi, Russia 02 - 03 July 2016

პირველი რბოლის სტარტზევე, ქართველმა მრბოლმა რამდენიმე მეტოქეს გაასწრო, რის შემდეგაც მე-7 ადგილზე მყოფ პეტრ ფულინს შეუტია. პირველი ოთხი წრის განმავლობაში, დათამ რამდენჯერმე სცადა გასწრება და ორჯერ მიზანსაც მიაღწია, მაგრამ ჩეხმა ორივეჯერ დაიბრუნა დაკარგული პოზიცია. შემდეგ, დათა მას ოდნავ ჩამორჩა, ფულინმა კი მიხაილ გრაჩოვს შეუტია, რომელიც თავის მხრივ, დუშან ბორკოვიჩს უტევდა. ქართველმა პილოტმა სწრაფადვე შეძლო ფულინის და გრაჩოვის დაწევა, თუმცა მას თავის მხრივ, ჟან-კარლ ვერნი დაეწია, რომელიც თავიდან ლიდერთა შორის კი იყო, მაგრამ ჯეიმს ნეშთან შეჯახების შემდეგ, რამდენიმე პოზიცია დაკარგა. ფრანგმა მერვე წრეზე გაასწრო ქართველ მრბოლელს და მალე ფულინსაც გაუარა.

რბოლა სერიის მოქმედმა ჩემპიონმა სტეფანო კომინიმ მოიგო, რომელმაც სტარტი პოულიდან აიღო და ბოლომდე დამაჯერებლად ლიდერობდა. თავის მხრივ, მეორეზე გასულმა პეპე ორიოლამაც დიდი უპირატესობით აჯობა მესამე ჯანი მორბიდელის. ქაჯაიამ ფინიშის ხაზი მეცხრემ გადაკვეთა, მაგრამ რბოლის შემდეგ, მის წინ მყოფი ორი პილოტი – ბორკოვიჩი და ნეში სტიუარდებმა საჯარიმო დროით დასაჯეს. ბორკოვიჩმა რამდენჯერმე გადაკვეთა ოთხივე ბორბლით ტრასის მიჯნა, რის გამოც მის საბოლოო დროს 30 წამი დაემატა. ნეშს კი 10 წამი დაუმატეს იმის გამო, რომ ვერნის უკნიდან დაეჯახა.

TCR series Sochi, Russia 02 - 03 July 2016

ქაჯაიამ მეორე რბოლაც კარგად დაიწყო, რამდენიმე პილოტს, მათ შორის, კომინისაც გაასწრო, თუმცა შვეიცარიელმა მალევე დაიბრუნა დანაკარგი. მე-5 წრეზე დათამ მატ’ო ჰომოლას გაასწრო და მე-9 ადგილზე გადაინაცვლა. მის წინ ბორკოვიჩი იყო, რომელიც პეპე ორიოლას უტევდა. რბოლის დასრულებამდე, დათამ კიდევ ორი ადგილით წინ წაიწია და ფინიშის ხაზი მეშვიდემ გადაკვეთა. მაგრამ რბოლის შემდეგ, სტიუარდებმა მის დროს 30 წამი დაუმატეს, რადგან ქართველს ხუთჯერ დაუფიქსირეს ტრასის ლიმიტის დარღვევა.

რბოლა კი გრაჩოვმა მოიგო, რომელმაც სტარტზევე, სამი მეტქის გასწრებით იგდო ხელთ ლიდერობა და ბოლომდე წინ არავინ გაუშვია. აღსანიშნავია, რომ ქაჯაიას ყოფილმა თანაგუნდელმა, მას შემდეგ, რაც „ვესტ ქოუსტ რეისინგის“ „ჰონდა სივიკზე“ გადაჯდა, უკვე მესამე რბოლა მოიგო. არადა, „ენგსტლერში“ დათას გვერდზე საერთოდ არ ჩანდა…

 

1-ლი რბოლა (11 წრე)

  1. სტეფანო კომინი (შვეიცარია, ფოლკსვაგენი) 26:08.805
  2. პეპე ორიოლა (ესპანეთი, სეატი) 26:10.720
  3. ჯანი მორბიდელი (იტალია, ჰონდა) 26:16.883
  4. მიხაილ გრაჩოვი (რუსეთი, ჰონდა) 26:25.509
  5. ჟან-კარლ ვერნი (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 26:26.523
  6. პეტრ ფულინი (ჩეხეთი, ალფა რომეო) 26:29.201
  7. დავით ქაჯაია (საქართველო, ფოლკსვაგენი) 26:29.978
  8. ჯეიმს ნეში (ბრიტანეთი, სეატი) 26:31.672
  9. მატ’ო ჰომოლა (სლოვაკეთი, სეატი) 26:31.885
  10. ატილა ტასი (უნგრეთი, სეატი) 26:32.800
  11. ილდარ რახმატულინი (რუსეთი, ჰონდა) 26:47.695
  12. მიქაელა ჩერუტი (იტალია, ალფა რომეო) 26:49.187
  13. სერგეი აფანასიევი (რუსეთი, სეატი) 26:49.902
  14. დუშან ბორკოვიჩი (სერბეთი, სეატი) 26:53.540
  15. ვლადიმირ შეშენინი (რუსეთი, ფოლკსვაგენი) –

 

მე-2 რბოლა (11 წრე)

  1. მიხაილ გრაჩოვი (რუსეთი, ჰონდა) 26:14.025
  2. ჟან-კარლ ვერნი (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 26:15.279
  3. ატილა ტასი (უნგრეთი, სეატი) 26:19.979
  4. ჯეიმს ნეში (ბრიტანეთი, სეატი) 26:20.614
  5. სტეფანო კომინი (შვეიცარია, ფოლკსვაგენი) 26:21.987
  6. დუშან ბორკოვიჩი (სერბეთი, სეატი) 26:22.278
  7. სერგეი აფანასიევი (რუსეთი, სეატი) 26:28.002
  8. პეტრ ფულინი (ჩეხეთი, ალფა რომეო) 26:30.153
  9. მატ’ო ჰომოლა (სლოვაკეთი, სეატი) 26:34.628
  10. ვლადიმირ შეშენინი (რუსეთი, ფოლკსვაგენი) 26:38.716
  11. დავით ქაჯაია (საქართველო, ფოლკსვაგენი) 26:55.820
  12. ჯანი მორბიდელი (იტალია, ჰონდა) 2 წრე
  13. პეპე ორიოლა (ესპანეთი, სეატი) 3 წრე
  14. მიქაელა ჩერუტი (იტალია, ალფა რომეო) –
  15. ილდარ რახმატულინი (რუსეთი, ჰონდა) –