გადაწყდა: რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი მომავალ სეზონში დიდი რბოლები ეწვევა. მომავალი წლიდან, სამი სეზონის განმავლობაში, TCR-ის საერთაშორისო სერიის თიტო ეტაპი (ორი რბოლა), საქართველოში ჩატარდება. ავტოსპორტის ქართველ ფანებს საშუალება მიეცემათ, ტრიბუნებიდან უქომაგონ ჩვენს საამაყო მრბოლს, დავით ქაჯაიას, ვინც ყველას დაანახა, რომ ქართველი პილოტები საერთაშორისო ასპარეზზეც ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ.

დღეს თბილისში იმყოფებოდა TCR-ის პრომოუტერი მარჩელო ლოტი, რომელმაც სამმხრივი კონტრაქტი გააფორმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის მფლობელთან და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტ შოთა აფხაზავასთან.

14199320_1266568826709456_9044071344187901310_n

„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტთან შეხვედრა და ვამაყობ იმით, რომ მთელი ქვეყანა ასეთ მონდომებას ავლენს TCR-ის საერთაშორისო სერიის რბოლის ორგანიზებისადმი. საქართველო მშვენიერი ქვეყანაა და გვჯერა, რომ ჩვენი რბოლები ბევრ მაყურებელს მიიზიდავს“, – განაცხადა ლოტიმ.

„ჩვენთვის ეს ისტორიული მომენტია, რადგან TCR-ის საერთაშორისო სერიის მასპინძლობით, ქართული მოტორსპორტის ისტორიაში ახალ ფურცელს დაიწყება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ მათთვის, ვინც ავტოინდუსტრიაშია დასაქმებული, არამედ მთელი ქვეყნისთვის. და ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი ტრეკი საქართველოში პირველ საერთაშორისო მოტორსპორტულ შეჯიბრს უმასპინძლებს“, – განაცხადა აფხაზავამ.

საქართველოში საერთაშორისო რბოლების ჩამოსვლა სამმა გარემოებამ განაპირობა:

  1. უპირველესად უნდა ითქვას ის, რომ თუ არა შოთა აფხაზავას მიერ რუსთავის მოტორპარკის ხელახლა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენება, რასაც უზარმაზარი თანხა და რა თქმა უნდა, მონდომება და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა დასჭირდა, საქართველოში ავტოსპორტი ისევ ნახევრად მიძინებულ, უპერსპექტივო მდგომარეობაში დარჩებოდა.ვტრეკის გარდა, აფხაზავამ რუსთავში ჩამოიტანა სარბოლო ტექნიკა (ლეგენდსის კლასი, ფორმულა ალფა) და წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატის ორი ძირითადი სერია ჩამოაყალიბა, რომლებშიც ყოველთვის საინტერესო რბოლები იმართება, განსაკუთრებით ლეჯენდსის კლასში. სწორედ ლეჯენდსის კლასში დაიწყო დავით ქაჯაიას საერთაშორისო კარიერა…
  1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2012 წლიდანვე, რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკის გახსნიდან, აქტიურად ჩაერთო ქართული ავტოსპორტის განვითარებაში. მისმა გუნდმა „ფია ფორსმა“ ფორმულა ალფას და ლეჯენდსის კლასებში, პირველივე სეზონიდან ორ-ორი პილოტი გამოიყვანა. იმავდროულად, ლეჯენდსის ორი პილოტი – ქაჯაია და კონსტანტინე კოლიაშვილი, ლეჯენდს კაპის ევროპულ სერიაში საასპარეზოდაც გაუშვა. უნდა ითქვას, რომ „მია ფორსი“ მას შემდეგ უცვლელად მონაწილეობს საქართველოს ჩემპიონატში და მისი დამსახურებაცაა ის ფაქტი, რომ ფინანსური პრობლემების მიუხედავად, სტარტზე საკმარისი რაოდენობით პილოტების გამოყვანა ხერხდება. სწორედ „მია ფორსმა“ მისცა დათა ქაჯაიას იმის შანსი, რომ მას თავისი შესაძლებლობები გამოევლინა. და ის ამ შანსს იყენებს!
  1. დათა ქაჯაია – არ მინდა, ისე გამოვიდეს, რომ ვინმემ ამ პილოტის ბევრი ქების გამო მისაყვედუროს, მაგრამ დათა ნამდვილად იმსახურებს ამას. ლეჯენდსის კლასში ევროპულ ორ სერიაში გატარებულ სამ სეზონში (2012, 2013, 2014) მოპოვებული ამდენივე ჩემპიონის ტიტული, გასულ სეზონში ETCC-ს ჩემპიონის ტიტული, მის შესაძლებლობებზე თავისთავად მეტყველებს.

რა თქმა უნდა, TCR-ის საერთაშორისო სერია სულ სხვა დონეა, რაზეც თუნდაც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ გუნდებს საქარხნო მხარდაჭერა აქვთ. თუმცა დათა აქაც მოწოდების სიმაღლეზეა. ჯერ მოგება არ აქვს, მაგრამ არის იქ, სად ყოფნასაც (პირველ სეზონში) მისი გუნდის, „ტიმ ენგსტლერის“ შეფი, თავადაც ძალიან გამოცდილი და წარმატებული მრბოლი, ფრანც ენგსტლერი უწინასწარმეტყველებდა – ათეულში.

ამასაც თავისი მიზეზი აქვს. „ტიმ ენგსტლერმა“, „ლეოპარდ რეისინგისგან“ განსხვავებით, ვერ შეძლო სარბოლო „ფოლკსვაგენ გოლფის“ ჭკუაზე მოყვანა. თავის მართლებაში რომ არ ჩაგვეთვალოს, შეგახსენებთ, რომ დათას თანაგუნდელმა მიხაილ გრაჩოვმა, ვინც ქართველის გვერდით „არ ჩანდა“, როგორც კი „ვესტ ქოუსტის“ „ჰონდაზე“ გადაჯდა, მაშინვე ორი რბოლა მოიგო.

რაც მთავარია, დათა გამარჯვების გარეშეც ახერხებს ყურადღების მიქცევას. ეს ბაჰრეინიდანვე დაიწყო, ახლახანს კი, ბურირამის რბოლისას, შესანიშნავი მანევრით გამოიჩინა თავი, რომლითაც ერთ მოსახვევში, ერთბაშად სამი მეტოქე ჩამოიტოვა. ამ გასწრებით კი, არამარტო ავტოსპორტის ქართველი ქომაგი, არამედ TCR-ის სერიის ორგანიზატორებიც კარგა ხანს იამაყებენ! და სიმბოლურია, რომ მარჩელო ლოტიმ, რუსთავის მოტორპარკზე ეტაპის ჩატარებასთან დაკავშრებით, კონტრაქტი სწორედ ამ გასწრების შემდეგ გაგვიფორმა.

* * *

მაშ ასე, მომავალი სეზონიდან რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკს TCR-ის საერთაშორისო სერიის კალენდარში ვიხილავთ, სადაც ის ისეთი ავტოდრომების გვერდით ჩაეწერება, როგორებიცაა სპა, იმოლა, ეშტორილი, ზალცბურგრინგი და სხვა. ამათგან ზოგი ფორმულა 1-ის ეტაპებს მასპინძლობს, ზოგზე კი დიდი პრიზების რბოლები ადრე იმართებოდა.

თქმა არ უნდა, შესანიშნავი კამპანიაა!