ლონდონის ორი პრესტიჟული უბნის, კენსინგტონის და ჩელსის ხელისუფლები, მათ ტერიტორიებზე, მძღოლებისთვის მკვეთრი აჩქარების, ადგილზე ძრავის მაღალი ბრუნვებით მუშაობის და პარკირების ადგილებზე, ავტომობილის დაქოქილ მდგომარეობაში დატოვების აკრძალვას გეგმავენ. როგორც „ტელეგრაფი“ იუწყება, სულ 11 სახის ქმედება აიკრძალება. მათ შორის აუცილებლად მოხვდება მუსიკის ხმამაღლა მოსმენა, ქუჩებში რბოლები, საჭიროების გარეშე ხმოვანი სიგნალების გამოყენება და ავტომობილის აგრესიული მართვა, რომელიც სხვა ავტომობილებს გადაადგილებას გაურთულებს.

როგორც „ტელეგრაფი“ ყვება, მსგავსი აგრესიულობა გზებზე ძირითადად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მდიდარ მოქალაქეებს სჩვევიათ, რომლებიც ზაფხულს ლონდონში ატარებენ და თან ჩამოაქვთ თავიანთი სუპერ ავტომობილები. ხელისუფლების განცხადებით, ასეთი ავტომობილების მძლავრი ძრავების ღმუილი, ადგილობრივ მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის.

supercars in  Londn-lambo-5_3383608b

„ეს სერიოზული პრობლემაა და ის უკვე რამდენიმე წელია, რაც გვაწუხებს. ჩვენი რაიონები, სპარსეთის ყურის მცხოვრები ახალგაზრდა მძღოლებისთვის, სარბოლო მოედნად იქცა. ისინი ძალიან ხმაურობენ. მათი ავტომობილების ხმა, მთელს ოლქში ისმის. ჩვენ ამ პრობლემის მოგვარება გვსურს და ვთვლით, რომ სასამართლოს ძალით აკრძალვა, საუკეთესო ვარიანტია. ადგილობრივი მოსახლეობა ამ ყველაფერს ძალიან დიდხანს ითმენდა“, – ამბობს კენსინგტონის და ჩელსის მმართველობების თავმჯდომარე ნიკ პაჟე-ბრაუნი.

ოღონდ, სანამ საქმე სასამართლომდე მივა, ხელისუფლება ამ საკითხის განხილვას გეგმავს. მათ და იურისტებმა უნდა გადაწყვიტონ, მისცენ თუ არა საქმეს მსვლელობა. სავარაუდოდ, ყველაზე მსუბუქ საჯარიმო სანქციად ჯარიმა დაწესდება, დარღვევის გამეორებისთვის კი ურჩ ავტომოყვარულს ავტომობილიც კი შეიძლება ჩამოართვან.