Subaru-მ ჟენევის მოტორ შოუზე, თავის პოპულარულ ქროსოვერ XV-ს (ამერიკის ბაზარზე მისი სახელია ქროსტრეკი) კონცეპტუალური ვერსია, ხუთადგილიანი XV Concept-ი წარადგინა, რომლითაც იმავდროულად, თავისი ახალი კორპორატიული სტილი „დაინემიკ X სოლიდი“ გაგვაცნო, რომელსაც თავის ახალი თაობის მოდელებზე გამოიყენებს.

03-subaru-xv-crosstrek-geneva-1

XV Concept-ის გაბარიტებია: სიგრძე 4520 მილიმეტრი, სიგანე 1920 მილიმეტრი, სიმაღლე 1570 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზის სიგრძე 2670 მილიმეტრია. ანუ, კონცეპტი ახლანდელი თაობის XV-ზე 70 მილიმეტრით მოკლე, 140 მილიმეტრით განიერი და 45 მილიმეტრით მაღალია. ბაზის სიგრძე  35 მილიმეტრით მეტი კონცეპტს აქვს, რომელიც 19-დუიმიან ბორბლებზე დგას.

ახალი კონცეპტი გარეგნულად Subaru-ს წინა ორ კონცეპტს – Impreza-ს ჰეჩბეკის და სედანისძარიან ვერსიებს ჰგავს. იაპონურმა კომპანიამ პირველი ტოკიოს შარშანდელ შოუზე წარადგინა, მეორე კი – ასევე შარშან, ლოს ანჯელესის შოუზე. ახალი ქროსოვერი ბაზარზე სავარაუდოდ, 2018 წელს გამოვა.

10-subaru-xv-crosstrek-geneva-1

ახალი კონცეპტის აღჭურვილობის შესახებ Subaru ინფორმაციას არ ავრცელებს. ამ ავტომობილის დანიშნულება მხოლოდ ახალი დიზაინის ჩვენებაა, რომლის სახასიათო ნიშანია ახალი ფარები, რომლებიც ზორბა ბამპერის სტრუქტურაშია ინტეგრირებული და შესაძლოა, სერიულ მოდელზე ამ სახით არც გაკეთდეს. ნარინჯისფერი ჩანართებიც მხოლოდ შოუქარისთვის არის დამახასიათებელი და მასაც კონვეიერისკენ გზა არ აქვს.

ახალი ქროსოვერი ახალ მოდულურ პლატფორმაზე აიგება, რომელიც „სუბარუ გლოუბლ პლატფორმის“ სახელითაა ცნობილი. პირველად ამ პლატფორმას კომპანია ახალ Impreza-ზე გამოიყენებს, რომელსაც მალე ნიუ იორკის ავტო შოუზე წარადგენს. არაოფიციალური ინფორმაციით, ამ პლატფორმაზე, Subaru სპორტული BRZ-ის გარდა, თავის ყველა მოდელს ბაზისად გამოიყენებს.