ლოს ანჯელესში გამართულ ავტო შოუზე, Subaru-მ უგზოობის კონცეპტუალური მოდელი Viziv-7 წარადგინა. ეს არის სამრიგიანი 7-ადგილიანი საშუალო ზომის ავტომობილი, რომელიც მალე სერიული სახით მოევლინება ბაზარს. იაპონურმა კომპანიამ ეს სეგმენტი 2014 წელს დატოვა, როცა Tribeca-ს წარმოება გააჩერა. სახელი Viziv არის შემოკლებული ვარიანტი სიტყვებისა – Vision for Innovation (სიახლეების ხედვა).

ვიზუალურად, ეს ავტომობილი უგზოობის სრულგაბარიტიან მოდელს ჰგავს. ასეც ჩათვლით, როცა გაიგებთ, რომ ის Dodge Durango-ზე გრძელია. თუმცა უფრო მოკლე ბაზა აქვს. მოკლე ბაზა კი უფრო პატარა სალონს ნიშნავს, თუმცა მასში სავარძლები მაინც სამ რიგად განლაგდა და ამას კომფორტი არ გაუუარესებია. მოკლედ, Viziv-7-ის რეალური პოზიციონირება ცოტა ძნელია.

subaru-viziv4

კონცეპტუალური მოდელის სიგრძე 5 200 მილიმეტრია, სიგანე 2 000 მილიმეტრი, სიმაღლე კი 1 800 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზა ზუსტად 3 000 მილიმეტრია. ამგვარად, Viziv-7 ახლანდელ Outback-ზე 38 მილიმეტრით გრძელია. გარდა ამისა, „სუბარუს“ კონცეპტი VW Atlas-ზე გრძელი, განიერი და მაღალია, არადა მათ თანაბარი ბაზა აქვთ.

კონცეპტუალური ავტომობილი საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. თავისი ფორმებით ის მიგვანიშნებს, რომ ცუდ გზებზე თავს კარგად უნდა გრძნობდეს. რადიატორის ზორბა ცხაური და მის ორივე კიდეში მოთავსებული ფარები აგრესიულ სტილს აყალიბებენ, რაც ძარის ზომიერად დაკუთხული ფორმებით და ბორბლების დიდრონ თაღებით გრძელდება. სავარაუდოდ, Viziv-7-ის სერიულ ვერსიას უფრო რბილი ფორმები და ნაკლებად აგრესიული სტილი ექნება.

Subaru-მ ახლახანს აშშ-ის სავაჭრო ნიშნების ოფისში, სახელი Ascent დააფიქსირა და შესაძლოა, Viziv-7-ის სერიული ვერსია სწორედ ამ სახელით შემოგვთავაზოს. თუმცა სხვა ბაზრებზე ის ალბათ სხვა სახელს მიიღებს. ლოს ანჯელესში იაპონურ კომპანიას ძრავებზე არაფერი უთქვამს. სავარაუდოდ, გამაში ბენზინის ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავები და 3.6-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ბოქსერი შევა.