Subaru თავისი მოდელების ელექტრული ვერსიების გამოშვებას აპირებს, რისთვისაც თავის კვლევისა და განვითარების ცენტრს რეკორდულ ინვესტიციებს მოახმარს. ოღონდ, იაპონური კომპანიის გეგმებში არ შედის ელექტრომობილის სუფთა ფურცლიდან შექმნა. Subaru-მ შედარებით მარტივი და უფრო სწორი იქნება ვთქვათ, იაფი გზა აირჩია და თავის ავტომობილებზე შიდაწვის ძრავების ნაცვლად, ელექტრულ ძალურ დანადგარებს დააყენებს.

ესეც რომ არ იყოს, „სუბარუს“ აღარ ექნება იმის საჭიროება, რომ ელექტრომობილის გამოსაშვებად, სხვა კომპანიასთან პარტნიორობა დაიწყოს. სრულიად განსხვავებული სტრატეგია აქვს ავტო კომპანიების უმეტესობას, რომლებიც არამხოლოდ ახალ პლატფორმებს ქმნიან, არამედ ახალი ქვებრენდებიც გამოჰყავთ ბაზარზე. მათ შორისაა Mercedes-ი, რომელმაც ელექტრომობილების მწარმოებელი ქვე-ბრენდი EQ ჩამოაყალიბა, რომელიც შესაბამის კომპანიებს, მათ შორის ელექტრომობილების ბაზრის ლიდერ Tesla-ს გაუწევს კონკურენციას.

კომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი იასუიუკი იოშინაგა ამბობს, რომ ერთ ბრენდზე დარჩენას უპირატესობები გააჩნია. მისი თქმით, რა საჭიროა ახალი სახელის გამოგონება, თუ უკვე ბაზარზეა პოპულარული მოდელი, მაგალითად ქროსოვერი XV. თუ პეკინელ მყიდველს სურს ამ ავტომობილის ყიდვა, მაგრამ მხოლოდ ელექტრული ვერსიის, ის სხვას არ იყიდის. და თუ კომპანია ელექტრომობილსაც იმავე სახელით შესთავაზებს, ეს მისთვის „სუბარუს“ იგივე მოდელი იქნება და ყიდვასაც გადაწყვეტს.

ამ ეტაპზე Subaru პლაგ-ინ ჰიბრიდულ მოდელზე მუშაობს, რომელსაც წელს გამოუშვებს. მისი პირველი სრულიად ელექტრული მოდელი კი 2021 წელს გამოვა.